GE
31 აგვისტო, 2016 15:08

გიმნაზია “შავნაბადას” ყველა კურსდამთავრებულმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

რამდენიმე დღის წინ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. გიმნაზია „შავნაბადას“ ტრადიცია არც წელს დაურღვევია, მისმა ყველა კურსდამთავრებულმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა და სასურველ სასწავლებელში ჩაირიცხა. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტთან ერთად გიმნაზიის კურსდამთავრებულთა შორის რამდენიმე მოსწავლეს უკვე ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სასწავლო გრანტები. ანნა ვირსალაძემ ”IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადაში” პირველი ადგილი დაიკავა და IBSU-ს 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. ასევე, დაფინანსება მოიპოვა მარიამ გიუნაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრიატში სწავლისათვის. მან თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ჟურნალისტური წერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

მათ შორის იყო ლადი კაპანაძეც, რომელმაც სამოქალაქოს ოლიმპიადაში გაიმარჯვა. ის ახლახან დაბრუნდა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა ინგლისური ენის კვალიფიკაციის ასამღლებელ კურსებზე. მანამდე კი იგი ვიეტნამში ბიოლოგიის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის სახელით წარსდგა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით ლადი განთავისუფლებული იყო მიმდინარე წლის ეროვნული გამოცდებიდან და 100% -იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.

როგორც გიმნაზია „შავნაბადას“ დირექტორმა გვითხრა, ისინი ძალიან ამაყები არიან, რომ ასეთი ჭკვიანი და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავთ.

„გიმნაზია “შავნაბადა” ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას. დარწმუნებულები ვართ, ისინი მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.“ – აღნიშნა გიმნაზია „შავნაბადას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ავთო აბდუშელიშვილმა.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა