ლამარა ქოქიაური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “პერსონა 2018”-ზეა წარდგენილი
ლამარა ქოქიაური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “პერსონა 2018”-ზე გახლავთ წარდგენილი, იგი უკვე ათწლეულია პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად თბილისში ერთ ერთ საუკეთესო სკოლას ხელმძღვანელობს. მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
ლამარა ქოქიაურმა დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა – მათემატიკის სკოლა, წარჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით; გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში. აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის ხელმძღვანელობით 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1987 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ინვესტიციის ბაზრის ფორმირება და განვითარება საქართველოში“.
გამოქვეყნებული აქვს 269 მეცნიერული ნაშრომი, ძირითადად ფინანსების, ბანკების, ინოვაციების, ინვესტიციების შესახებ, მათ შორის 25 მონოგრაფია და 20 სახელმძღვანელო.
ძირითადი ნაშრომები: „ინვესტიციის ბაზარი: თეორია, პოლიტიკა, პრაქტიკა“. თბ.: საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, 2002; „ინვესტიციური საქმიანობის პრობლემები საქართველოში თანამედროვე ეტაპზე“. თბ.: „ფინანსები“. 2000; „ფულადი ნაკადები: არსი. მართვა. ანალიზი.“ თბ.: 2005; Teoretical Genesis of Investments, New York. 2009; ფინანსები, ინვესტიციები, საბანკო საქმე. ენციკლოპედიური ტერმინოლოგია. თბ.: 2009. „საბანკო საქმიანობის საფუძვლები (საბანკო საქმე)“. მესამე გამოცემა. თბ.: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2010; „საინვესტიციო საქმე“ თბ.: 2011, „ინტელექტუალური კაპიტალი“ თბ. 2011; საინვესტიციო მენეჯმენტი და პოლიტიკა: თბ.: მეორე გამოცემა. 2012, „ფინანსური ბაზარი. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზი“. სტუ. 2013; „ფინანსები. ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი“ ტომი I, წიგნი 1 და 2. თბილისი, „კალმოსანი“, 2014; Financial Crisis and Adventures of the Georgian Lari. Nova Publishers, New York, 2016; „ინოვაციები“ (ნ. ქოქიაურთან ერთად). თბ., 2015; ,,უცხოური ინვესტიციები’’, თბ.: ,,კალმოსანი’’, 2017; „საინვესტიციო ბანკები“. მონოგრაფია. თბ.: კალმოსანი, 2016 და ა.შ.
სპეციალობით მუშაობა დაიწყო სტუდენტობის პერიოდში პირველი კურსიდანვე — საქართველოს ეროვნულ ბანკში. 1978-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსები, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-მუშაკად, დოცენტად, პროფესორად. 2009–2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს-ინჟინირინგის დეპარტამენტში სრულ პროფესორად. არჩეულია საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკურ მეცნიერებათა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრად. 2016 წლიდან დღემდე მუშაობს ეროვნული ინოვაციური საკვლევი ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ–მუშაკად.
ძირითად სამსახურებთან შეთავსებით, 1992 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობს საქართველოში პირველი ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კერძო სკოლას.