GE
5 მარტი, 2019 17:41

როგორია უცხოელ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემო სკოლა “ნინოში”

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინო“ მისი დაარსებიდან, 1989 წლიდან, ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტული და შემწყნარებლური დამოკიდებულებებით სხვა ერის შვილების მიმართ. არაერთმა უცხოელმა ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა “ნინო”. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება – სკოლაში არაჩვეულებრივი და ნიჭიერი უცხოელი მოსწავლეები სწავლობენ ინდოეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან, ირანიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ენის ინტენსიური შემსწავლელი წრე უცხოეთიდან ჩამოსული ბავშვებისათვის, სადაც დანერგილია ენების შესწავლის გერმანული მოდელი. ბევრი მათგანი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სწორედ ჩვენთან შესწავლილი ქართული ენის ცოდნის დონით ახერხებენ ექსტერნის წესით დაძლიონ გამოცდები და ოფიციალურად გახდნენ სკოლა ,,ნინოს“ მოსწავლეები.

სკოლაში მოღვაწეობენ უცხოეთიდან მოწვეული მასწავლებლები: ომერ ენთერილი და ჩამ ფათინი, ჰეიდე ნილი და სხვები, რომელთა უდიდესი ძალისხმევით უცხოელი მოსწავლეები უმტკივნეულოდ ადაპტირდებიან სასკოლო გარემოსთან.

ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინო“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მეგი საბაშვილს გაწეული შრომისათვის. მისი ინიციატივით სკოლა ,,ნინოში“ ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც ხელს უწობს ქართველებისა და უცხოელების დამეგობრებას, განსხვავებულ კულტურათა დიალოგს და ინტეგრაციას.

სკოლა ნინო