GE
1 მარტი, 2021 10:56

მაარიფის სკოლების მიერ განხორციელებული პროექტები მოსწავლეთა ცხოვრებისეულ მზაობაზეა ორიენტირებული

,,ახლანდელი სკოლა მარტო იმის ცდაშია, რომ პატარა ბავშვის თავში, რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა დასტიოს, ყმაწვილს ბევრი რამ ასწავლოს მარტო ცოდნისა და სწავლისათვის და არა კაცის გაადამიანებისათვის. ამიტომაც არც კაცადღა ვარგობენ ახლანდელი ყმაწვილები და არც იმათის სწავლა-ცოდნიდან გამოდის რამ“ – ეს სიტყვები თითქოს გუშინ დაწერა ილიამ, იმდენად მწვავე და აქტუალურია დღესაც ეს საკითხი, საუკუნის მერეც კი. ხოდა გვინდა თუ არ გვინდა, გვევალება დავსვათ კითხვა – რაშია გამოსავალი? თუმცა ილიას ამ კითხვაზეც აქვს პასუხი – ,,სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთვნიდეს კიდეც ბავშვსა და ასწავლიდეს კიდეც. ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა“.

მტკივნეულია იმის გააზრება, რომ საუკუნეზე მეტია საზოგადოება, განათლების სისტემა ცდილობს პედაგოგიკის დახვეწას და გასრულფასოვნებას, მაგრამ თითქოს იგივე წერტილშია გაყინული. ეს თემა ფართო განხილვას საჭიროებს, მაგრამ ერთი კი ფაქტია – სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეს მიაწოდოს არა მხოლოდ ,,თხრობითი განათლება“, რომელიც უსიცოცხლოა და მოსწავლის მონათხრობით ,,ავსებას“ გულისხმობს, არამედ – ,,პრობლემების წამომჭრელი და გადამჭრელი“ განათლება, რომლის დროსაც დაძლეულ იქნება იერარქია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და ერთობლივი ძალისხმევა მიმართულ იქნება გარშემო არსებული პრობლემების მარტივი და მაქსიმალურად რაციონალური გზებით მოგვარებაზე. ასეთი პედაგოგიკა მოსწავლეს ცოდნის გამოსადეგობაში არწმუნებს და ამავდროულად სძენს ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის პრაქტიკულ უნარებს, რაც თავისთავად მოზარდში პოზიტიურ პიროვნულ თვისებებსაც განავითარებს.

,,სწორედ ასეთი ტიპის მუშაობაზეა ორიენტირებული ორიენტირებული ,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეთა სხვადასხვა განმავითარებელი პროექტების განხორციელებას მათი სკოლისშემდგომი ცხოვრებისეული მზაობისათვის“ – განაცხადა მათემატიკის მასწავლებელმა ეკა ჯავაშვილმა.

EDU.ARIS.GE (განათლება)