მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი 4 ნოემბერს ტრადიციულ შემოდგომის ზემს მართავს
2017 წლის 4 ნოემბერს, შაბათს, დილის 11 საათიდან – 17 საათამდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართება ტრადიციული „შემოდგომის ზეიმი“- „შემოსულა ჩვენს ქუჩებში შემოდგომა ქართული“.
წლევანდელი ზეიმი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს.
სკოლა-პანსიონი აღნიშნულ ღონისძიებაზე იწვევს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, სინოდის ყველა წევრს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, პრემიერ მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ქ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, ქ. თბილისის მერს, მერიის თანამშრომლებს, ქ. თბილისის რაიონების გამგებლებს, გამგეობის თანამშრომლებს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს წევრებს, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეებს, მთავრობის წევრებს, გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებს, საქართველოს საპატრიარქოს სამსახურის ყველა თანამშრომელს, ეკლესია – მონასტრების წინამძღვრებს, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს, სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძველ გვარდიას, მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების მუშაკებს, სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა მშობლებს და სკოლის ყველა კეთილისმყოფელს.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: ნაძალადევის რაიონი, ლოტკინის დასახლება, სამღერეთის ქ. 13
სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
დღეისათვის სკოლა-პანსიონში ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე სწავლობს 500 მოსწავლე და 60-მდე სტუდენტი. სკოლასთან ფუნქციონირებს სადღეღამისო პანსიონი, სადაც ცხოვრობს ხელოვნების ნიჭით გამორჩეული 100-მდე ბავშვი, რომელთა შორის არიან მუსულმანი ქართველები ზემო აჭარიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და ეკომიგრანტთა შვილები საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სწავლასთან ერთად ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებას, ფერწერას, ხატწერას და ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ქართულ ტრადიციულ სახელოვნებო სპეციალობებს. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ეგიდით გამოცხადებულ პროექტებში.