GE
14 ნოემბერი, 2016 13:31

მეფე თამარის სახელობის პანსიონის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ

11 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ და საიუბილეო თარიღი მიულოცეს.

ბრიგადას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. გენერალური შტაბის უფროსმა, I საარტილერიო ბრიგადის პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

საზეიმო ცერემონიალზე სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “არსიანმა” მრავალჟამიერი შეასრულა. მოსწავლეებმა გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად სადღესასწაულო ტორტის გაჭრაში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ კი ერთად ისადილეს.

სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა, მირიან სამხარაძემ ბატონ ვახტანგ კაპანაძეს და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ზურაბ თაბუკაშვილს გააცნო სკოლის მოკლე ისტორია და ის წარმატებები, რომელსაც არსებობის მცირე დროის მანძილზე მიაღწია. ბატონმა ვახტანგმა აღნიშნა, რომ ამ სკოლა-პანსიონის შესახებ ბევრი რამ სმენია და თვლის, რომ ეს სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

იუბილეს ესწრებოდა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, რომელმაც მოსწავლეები კადეტთა სასწავლებელში სტუმრად მიიწვია.

სადილის შემდეგ, სკოლა-პანსიონის გაერთიანებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “არსიანმა” ბრიგადის სასადილოში  საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც ბრიგადის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. კონცერტის შემდეგ მამა მირიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს საიუბილეო თარიღი და ბრიგადის მეთაურს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი