GE
24 ოქტომბერი, 2016 13:22

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები შეიარაღებული ძალების ბრიგადას ეწვივნენ

2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას ეწვივნენ და საიუბილეო თარიღი მიულოცეს. IV მექანიზირებულ ბრიგადას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

საზეიმო ცერემონიალზე სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,არსიანმა” მრავალჟამიერი შეასრულა. შემდეგ მოსწავლეებმა თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სადღესასწაულო ტორტის გაჭრაში მიიღეს მონაწილეობა. სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ბატონ ლევან იზორიას გააცნო სკოლის მოკლე ისტორია და ის წარმატებები, რომელსაც სკოლამ, თავისი არსებობის მცირე დროის მანძილზე მიაღწია და შემოდგომის ზეიმზე დაპატიჟა.

სკოლა-პანსიონის გაერთიანებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,არსიანმა” ბრიგადის სააქტო დარბაზში საინტერესო საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც ბრიგადის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.

კონცერტის შემდეგ, მამა მირიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს საიუბილეო თარიღი და ბრიგადის მეთაურს და მეთაურის თანაშემწეს ბადრი სამადაშვილს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი