ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე – IYIPO მედლები მოიპოვეს
თბილისში, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა. წელს პროექტში 300-ზე მეტმა ნორჩმა გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 24 ქვეყნის დელეგატი ეწვია დედაქალაქს.
ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 21-22 აპრილს გამოფენა თბილისი მოლში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა პროექტი და სტენდი იქნა წარმოდგენილი. ოლიმპიადა გახსნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური დეტალურად ეცნობოდა გამოფენილ ექსპოზიციებს, ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. ჟიურისთან ერთად დამთვალიერებელებსაც ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ თითეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და თავად ინოვაციურ გამოგონებებს.
23 აპრილს კი დასკვნითი, დაჯილდოვების ცერემონია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
წელს ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა. ოლიმპიადაში ამავე სკოლის მოსწავლეებმა თურგაი გასანოვმა, ფერიდე მასაჯმა და საინა აბდოლაგაევმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
ოლიმპიადას მხარს უჭერდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, ტექნო პარკი საქართველო, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა – IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება ან ინოვაციური პროექტი აქვს.