GE
15 ივლისი, 2020 10:14

პროგრესის ბიზნესსკოლა – ახალი სიტყვა სამეწარმეო განათლებაში

ამერიკულ სკოლა პროგრესში ბიზნესგანათლება სამი წლის წინ დაინერგა და დღეს იგი სამივე ფილიალის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) კურიკულუმის ნაწილია. მოსწავლეები მეწარმეობის, ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ ცოდნას საფეხურის სპეციფიკის შესაბამისად, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ეუფლებიან.

მიუხედავად მცირე დროისა, სკოლამ უკვე მოასწრო მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელება. უფრო ვრცლად ამ საკითხების შესახებ, სკოლა პროგრესის ბიზნესგანათლების ხელმძღვანელს, მაკა კაჭკაჭიშვილს, ვესაუბრეთ.

– მაკა, პირველ რიგში, გვიამბეთ რით არის გამორჩეული მიგნება ბიზნესგანათლების არსებობა სკოლა პროგრესში ?

მსგავსი ფორმით და მასშტაბით სასკოლო საზოგადოებაში ბიზნესგანათლების დანერგვა მარტივი არ ყოფილა. გარკვეული ფორმით სამეწარმეო განათლების ელემენტები ბევრ სკოლას აქვს, თუმცა სასკოლო პროგრამის ძირითად ბადეში მისი ყველა საფეხურზე დანერგვა სკოლა პროგრესის ინოვაციაა, რომელიც მისი დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ქ-ნი ნინო ჩიკვაშვილის, სურვილითა და ინიციატივით მოხდა.

ამჟამად პროგრამას 7 ტრენერ-მასწავლებელი უძღვება. ქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შექმნილ სასწავლო მასალებს ვიყენებთ, ინგლისურ სექტორში კი ჩვენი მენტორების, მარიამ ბოლქვაძისა და ნატალი ამირანაშვილის, პროგრამები გვაქვს დანერგილი. პროგრამა მუდმივი განახლების და განვითარების რეჟიმშია: ტრენერ-მასწავლებლები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივსა და საერთაშორისო ტრენინგში, ვორქშოფებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში. აქტიურად ვეცნობით და ვნერგავთ ამერიკული და ევროპული ბიზნესგანათლების უახლეს სტანდარტებს.

– როგორია ბიზნესგანათლების, როგორც კურიკულუმის ნაწილის სპეციფიკა?

ბიზნესის უნარ-ჩვევები, ფინანსური წიგნიერება, ეკონომიკა, მეწარმეობა, ორგანიზაციული ქცევისა და ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლები, მარკეტინგი – ეს ის თემებია, რასაც მოსწავლეები 1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან.

მარტივად და სახალისოდ მიწოდებულ თეორიულ მასალასთან ერთად, ჩვენი მოდელი პრაქტიკულ სწავლებას ეფუძნება. მოსწავლეები განიხილავენ ნამდვილ ბიზნესქეისებს, სტუმრობენ წარმატებულ კომპანიებს, ასევე, ხვდებიან წარმატებულ მეწარმეებს. აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესპროექტებზე. სხვადასხვა პროგრამის თუ კონკურსის ფარგლებში შექმნილმა პროგრესელების კომპანიებმა და ბიზნესებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს.

– რა ტიპის წარმატებები ირიცხება სკოლის ანგარიშზე?

ბოლო მიღწევებით რომ დავიწყო, მაგალითად, „Junior Achievement – საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონკურსის შორთლისთში პროგრესის 4 გუნდი მოხვდა. აქედან, ორი ფინალში გადავიდა და მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს. ერთ-ერთი მინიკომპანია “Eco Friend” კი ჟიურის რჩეული გახდა ნომინაციაში, საუკეთესო ინტერვიუ.

აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონკურსში “ბრილიანტის გამოწვევა”, სადაც წელს ოთხი გუნდით ვიყავით წარმოდგენილი, მათგან ერთი გუნდი ფინალში მონაწილეობდა. შარშან კი ნახევარფინალში 2 გუნდი გავიდა.

სკოლის გუნდმა “Auto Tech” გაიმარჯვა კონკურსში “Startup Camp Youth Tbilisi 2019” და მოიპოვა ჯილდო ინოვაციური ბიზნეს იდეისათვის. ორმა მოსწავლემ კი British Council-ისგან სპეციალური ჯილდო მიიღო ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენისათვის.

კონკურსში „უნიკალური იდეა 2019“ პროგრესის გუნდი დონორი ორგანიზაციის რჩეული გახდა და 85 000$-ის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა იდეის განსახორციელებლად.

– რომელ მიღწევას გამოარჩევდით?

2018 წელს, ვენაში, ევროპის ქვეყნებისათვის გამართულ კონფერენციაზე სამეწარმეო განათლებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადმოგვცეს. ეს იმ დროს „პროგრესისთვის“ ძალიან დიდი სტიმული იყო. მივხვდით, რომ სწორი გეზი გვქონდა აღებული და ასეც უნდა გაგვეგრძელებინა.

ამის შედეგია, რომ მიუხედავად მცირე დროისა, ჩვენმა ბავშვებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს, რაც თითოეული მასწავლებლის და მოსწავლის დიდი შრომის შედეგია. თუმცა, მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებით და უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

3 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილების, ასევე, ევროპული და ამერიკული ბიზნესგანათლების მიღწევების გაზიარების საფუძველზე, ვაპირებთ, რომ დავაფუძნოთ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია.

აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა პროგრესელებთან ერთად, სხვა კერძო თუ საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც ექნებათ. აკადემია პირველ მოსწავლეს 2020-2021 სასწავლო წელს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ STEM განათლებასთან ინტეგრირებით, შექმნილია რამდენიმე ინოვაციური პროდუქტი. მიმდინარეობს მათ საბოლოო დიზაინზე მუშაობა და საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

Aris.ge - განათლება განათლება