ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა საერთაშორისო ასპარეზზე მიღწევებისთვის მედლით დაჯილდოვდა
17 აპრილს საქართველოს პარლამენტში მოეწყო იმ სკოლების დაჯილდოება, რომელთა მოსწავლეებმა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელეს ჩვენი ქვეყანა.
“სულ დაჯილდოვდა 4 სკოლა. ჩვენთვის რაოდენ სასიხარულოა, რომ სამ ფიზიკა-მათემატიკურ (კომაროვის, ვეკუას, რაზმაძის) სკოლასთან ერთად დაჯილდოვდა ჩვენი – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა”, – აღნიშნავენ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში.
გამარჯვებული სკოლები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ – ქ-მა მარიამ ჯაშმა და მისმა პირველმა მოადგილემ ბ-მა გენადი მარგველაშვილმა დააჯილდოვეს.
სკოლებს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი სპეციალური მედალი გადაეცათ.
ბ-მა გენადიმ განსაკუთრებით აღნიშნა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საერთაშორისო წარმატებები საპროექტო კონფერენციებზე. მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე გაიმარჯვეს სერბეთის, ბოცვანის, ამერიკის და ტუნისის საერთაშორისო შეჯიბრებებზე.
სკოლის დირექტორმა ბ-მა მამუკა მესხიშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საპროექტო კონფერენციები სკოლის ცხოვრებაში და წარმატება უსურვა ჩვენს გუნდს (10 მოსწავლე), რომელიც 18-26 აპრილს მონაწილეობას მიიღებს კუალა-ლუმპურის (მალაიზია) ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე.