GE
6 მაისი, 2016 17:28

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის ოლიმპიადას ატარებს

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა უკვე მესამე წელია ატარებს მათემატიკასა და ინგლისურში ოლიმპიადას, რომელშიც მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ოლიმპიადის შედეგების მიხედვით გაიცემა სასწავლო გრანტები.

სკოლის დირექციას სურვილი აქვს, რომ სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩართოს ოლიმპიადაში და სწორედ ამ მიზნით ,,საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირთან’’ ერთად 2016 წლის 21 მაისს ატარებს სასკოლო ოლიმპიადას მათემატიკაში.

,,საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის’’ წარმომადგენლები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში. ცხადია, მათ შორის ბევრი არის ბ-ნი მამუკა მესხიშვილის მოსწავლე.

ოლიმპიადის სახელწოდებაა ,,გახდი ოლიმპიელი’’ და მასში მონაწილეობას მიიღებენ VI კლასის მოსწავლეები ნებისმიერი სკოლიდან. აღნიშნული ოლიმპიადა სხვა ოლიმპიადებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მასში ყველა ეტაპზე მონაწილეობა უფასოა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეთა წარმოჩენას.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

  • I ადგილი – ნოუთბუქი Apple MacBook Air
  • II ადგილი – სმარტფონი Apple iPhone 6
  • III ადგილი – პლანშეტი Apple iPad Air 2
  • IV ადგილი – მუსიკალური mp3 Apple iPod Touch
  • სპეციალური პრიზი – (სპონსორის რჩეული)

ოლიმპიადის შესახებ:
ოლიმპიადის I ტური გაიმართება 21 მაისს, 10:00 საათზე ქართულ-ამერიკულ უმაღლეს და ქართულ-ამერიკულ სკოლებში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 მაისი (იხ. ვებგვერდი: www.olympian.ge)

ოლიმპიადის I ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურული ტიპის დავალებები, ტესტი შედგება 20 შეკითხვისგან. თითოეულ შეკითხვას ექნება 6 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მოსწავლემ უნდა აარჩიოს ერთი სწორი პასუხი.
ტურის ხანგრძლივობაა 1.5 სთ.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გამოვლინდებიან მოსწავლეები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ დასკვნით ტურში;

  • დასკვნით ტურში გადავლენ ის მოსწავლეები, რომლებიც გადალახავენ 60%-იან ბარიერს
  • I ტურის შედეგები გამოქვეყნდება 29 მაისს.
  • ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება 4 ივნისს, 10:00 საათზე.
  • დასკვნით ტურში მონაწილეებს ექნებათ ღია ტიპის დავალებები: 5 ამოცანა.
  • დასკვნითი ტურის ხანგრძლივობაა 3 სთ.
  • დასკვნითი ტურის შედეგები გამოქვეყნდება 10 ივნისს.
ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS