ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 6 მოსწავლე მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო გამოფენაში (ESI) იღებდა მონაწილეობას
Expo-Sciences International (ESI) არის მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო გამოფენა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს ამ ღონისძიებას არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქმა – აბუ დაბიმ უმასპინძლა. 57 ქვეყნის 1500-მა ახალგაზრდამ წარადგინა თავისი ნაშრომები ამ მსოფლიო ფორუმზე.
საქართველოს ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 6 მოსწავლე იცავდა: გვანცა გუმბერიძე, ლიზი რუაძე, მარიამ საფარაშვილი, ანა რაზმაძე, მარიამ წულუკიძე და ვაკო კაკაბლიშვილი.
მათ მიერ წარდგენილმა სამმა თემამ მათემატიკის სექციაში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. სპეციალისტებმა ერთხმად აღნიშნეს მიღებული შედეგების აქტუალურობა და ასევე ნოვატორული ფორმა, კერძოდ, სამივე თემაზე გაკეთებული იყო ანიმაციები GEOGEBRA-ს დახმარებით. ცხადია, სამივე თემა გამარჯვებულთა შორის დასახელდა – ექვსივე მოსწავლემ ოქროს მედლები დაიმსახურა.
მონაწილეები საუკეთესო სასტუმრო NOVOTEL-ში ცხოვრობდნენ. ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული საექსკურსიო პროგრამები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს აბუ დაბის ყველა ღირსშესანიშნაობა: Shaikh Zayed Mosque, Heritage Area, Emirates Palace, Etihad Towers. შემდეგი ESI-2021 მექსიკის ქალაქ იუკატანში გაიმართება.