სკოლა “აკადემოსის” დამაარსებლის წერილი გერმანელი კავკასიოლოგის პროფესორ იოსტ გიპერტის ღირსების დასაცავად
2 მარტს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გავრცელდა ტექსტი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა იოსტ გიპერტი, გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ამბობდა, რომ ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია. მათ ბუნებრივად აქვთ მოთხოვნილება უფრო დიდი ერების მონობისკენ.
იოსტ გიპერტის სახელი კარგად არის ნაცნობი ქართველი მეცნიერებისთვის, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია თანამშრომლობენ გერმანელ კოლეგასთან. ესენია: თამაზ გამყრელიძე, მზექალა შანიძე, ვახტანგ იმნაიშვილი, ზურაბ სარჯველაძე, ზაზა ალექსიძე, დამანა მელიქიშვილი, თედო უთურგაიძე, იზა ჩანტლაძე და სხვ.
გერმანელ მეცნიერს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სკოლა “აკადემოსის” თანამშრომლები, რომლის დამაარსებელიც გახლავთ იზა ჩანტლაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
გთავაზობთ ფრაგმენტს ქართველი ენათმეცნიერის პროფ. იზა ჩანტლაძის წერილიდან:
“ძვირფასო ბატონო იოსტ!
უმორჩილესად გთხოვთ, როგორმე არ ინერვიულოთ, ყველა ქვეყანასა და ყოველ ერში გამოერევა ხოლმე ერთი შემარცხვენელი. ეს თქვენ შესანიშნავად იცით როგორც გერმანიის, ისე საქართველოს მაგალითზე.
გასული საუკუნის 90-იან წლებში უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია გახლდათ საქართველოში. გაყინულები, ვატარებდით ლექციებს და ვისხედით საწერ მაგიდებთან. ეს უმალვე იგრძნო ბატონმა იოსტმა და ქართველი მეცნიერები ჩაგვრთო არმაზისა და Volkswagen-ის პროექტებში წლების მანძილზე. მე და ჩემი მოწაფეები, რომლებიც სკოლა “აკადემოსის” პედაგოგებიც არიან ამავდროულად, ვმუშაობთ დიდებულ გერმანელ ეთნო-ლინგვისტთან ერთად „ზემოსვანური მორფემული ლექსიკონის“ შექმნაზე, რაც პირველად კეთდება. სვანებს კი არა, თურმე გერმანელებსაც კი არ ჰქონიათ ჯერჯერობით ამგვარი ნაშრომი.
პროფესორ იოსტ გიპერტს საოცრად ვუყვარვართ ქართველები, არასდროს დამავიწყდება პროფესორების: ვინფრიდ ბოედერის, იოსტ გიპერტის, ჯანრი კაშიას და აკადემიკოს ავთანდილ არაბულის სტუმრობა კერძო სკოლა “აკადემოსში” (ყოფილი “კაი ყმა”).”
იზა ჩანტლაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უვადო მთავარი მეცნიერთანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართველოლოგიაში.