სკოლა „აკადემოსის“ პედაგოგი: „მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი მიდგომაა სწავლის პროცესის მაქსიმალურად შემოქმედებითად წარმართვა“
სკოლა „აკადემოსის“ მეექვსე კლასში, შესავალ ნაწილში, ასაკისათვის შესაფერისი წარმოდგენილი ტექსტები მიზანმიმართულია იქითკენ, რომ ინტერესით ჩაერთონ მოსწავლეები ცოდნის მიღების პროცესში და მათთვის არ გახდეს მოსაბეზრებელი სწავლა. როგორც სკოლის პედაგოგი, მარი დონდოლაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი მიდგომაა სწავლის პროცესის მაქსიმალურად შემოქმედებითად წარმართვა, ისეთი საინტერესო ტექსტი კი, როგორიც ლევან გოთუას – ,,ქვის დედაენაა” ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა.
“ტექსტი მოგვითხრობს ისტორიული წარსულის შესახებ, როდესაც წიგნიერებისა და სწავლის მნიშვნელობა ისეთივე აქტუალურია, როგორც დღეს! მოთხრობის გაცნობისას ვიმუშავეთ ტექსტის დეტალების დაკვირვებაზე, თავებისა და ქვეთავების დასათაურებაზე, გავეცანით საინტერესო ილუსტრაციებს! ნაწარმოების ბოლოს კი მოთხრობას შევურჩიეთ ყდა. ყველა მოსწავლის ნამუშევარი კარგად ასახავს მათი დაკვირვებისა და შესაბამისობის დადგენის უნარს! ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ვიზუალიზაცია წაკითხულისა და წარმოსახულისა, განსაკუთრებით ალამაზებს, ამყარებს შესწავლილს!”, – გვითხრა პედაგოგმა მარი დონდოლაძემ.