სკოლა “ჰამილტონის” პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საუკეთესო ხუთეული ცნობილია. სკოლა “ჰამილტონის” პედაგოგი დაჩი ნანობაშვილი ერთ-ერთი მათგანია.
,,რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ასეთი აღიარება, განსაკუთრებით ასეთი გამორჩეული ჟიურის მიერ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა სრულიად უცხო ადამიანები გირეკავენ და იზიარებენ შენს სიხარულს. ამიტომ დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო იმ პროცესებიდან, რომელიც ეროვნულ ჯილდოსთან მიმართებაში მიმდინარეობს.
ამ პროექტის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა, რასაც ნამდვილად აღწევს. დარწმუნებული ვარ, შემდგომში უფრო მეტი პროფესიონალი ჩაერთვება კონკურსში. ახალ კონკურსამდე შორია, მაგრამ უკვე დიდი დაინტერესება არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს კოალიცია და ის ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ეს ნამდვილად გამოიღებს რეზონანსულ შედეგს. რამდენიმე წელიწადში კონკურსში მონაწილეობაც კი პრესტიჟული იქნება. მოკლედ ძალიან მაგარი პროექტია და ძალიან დიდი მომავალი აქვს. მე როგორც ათეულ-ხუთეულის წევრი ამ საქმიანობაში აქტიურად ჩავერთვები. ვინ გაახარა ჩემმა შედეგმა? ყველა – მშობლებიდან დაწყებული შვილებით დამთავრებული და კიდევ ლადო აფხაზავა, შარშანდელი წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელმაც გამოცხადებისთანავე პირველმა დამირეკა და მომილოცა,დარწმუნებული ვარ ასევე დაურეკა ყველას. ლადო იმდენად გულწრფელია, რომ არ შემიძლია არ გამოვყო მისი სიხარული.
მე ძირითადად პატარებთან ვმუშაობ და ისინი ხშირად მიწერენ ბარათებს, რომ შინ მასწავლებლობანას თამაშობენ და მათემატიკის მასწავლებლები არიან. ამ ბარათებს ვინახავ და ვფიქრობ, რომ მათ მოსწონთ მასწავლებლის პროფესია, რადგან ჩვენ მათემატიკის გაკვეთილებზე თამაშით ვსწავლობთ და ეს სახალისოა მათთვის. რა მოხდება ათი წლის შემდეგ, დაზუსტებით ძნელი სათქმელია, მაგრამ იმედი მაქვს ზოგიერთი მათგანი მართლაც მასწავლებელი გახდება“, – გვითხრა დაჩი ნანობაშვილმა.
სკოლა “ჰამილტონის” ადმინისტრაცია ულოცავს ხუთივე წევრს ამ წარმატებას, საკუთარ პედაგოგს კი განსაკუთრებით გულშემატკივრობს.