GE
17 მაისი, 2018 17:10

სკოლა “იბერიას” კლასებში მოსწავლეთა მცირერიცხოვნობა მათი განათლების ხარისხზე დადებითად აისახება

რა მიზანი ჰქონდათ სკოლა “იბერიას” დამფუძნებელებს სკოლის დაარსებისას, რა არის პრიორიტეტი მათთვის და რა შედეგები აქვს სკოლა. ამის შესახებ სკოლის დამფუძნებლები ნინო ზაქარეიშვილი და ნუნუ ჯუღაშვილი საუბრობენ.

“სახელმწიფო სკოლაში მუშაობა ძალიან ტრაფარეტული იყო, ჩვენ კი თავისუფლება გვინდოდა. გვინდოდა, ჩვენი იდეები თავისუფლად განგვეხორციელებინა და დაშტამპული ნაბიჯებით არ გვევლო. არ გვინდოდა, ჩარჩოებში ვყოფილიყავით, გვინდოდა, ბავშვებსაც ესწავლათ და განეცადათ თავისუფლება, ურთიერთობა ერთმანეთთან და უფროსებთან.

ბოლოს სახელმწიფო სკოლაში უკვე ვეღარც ვხვდებოდით, ვინ, რა ვიყავით იმდენად მრავალრიცხვოვანია იქაურობა.

მერე ერთნაირი სურვილით შეპყრობილნი ბევრნი აღმოვჩნდით, ავიყოლიეთ ერთ-ერთი საუკეთესო კლასი(ქ-ნი ნინოს სადამრიგებლო), წამოვედით და შევქმენით ახალი სკოლა. თავიდან იმავე სკოლის გვერდით, ბაღის შენობაში გადავედით და ერთი ფლიგელი დავიკავეთ. სწორედ ამ პერიოდში, 90-იანებში, როდესაც ქვეყანაში გაჭირვების პერიოდი იყო, შევძელით და სკოლა 35 ბავშვზე დავაარსეთ.

მიუხედავად ყველაფრისა, დაარსებიდან დღემდე ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რადგან სახელმწიფომ კერძო სკოლებიც ჩარჩოებში ჩაგვსვა. ყოველი ახალი ნაბიჯი მათი ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება.

მთავარი დადებითი კერძო სკოლის შექმნისა არის ის, რომ მასწავლებელს შეუძლია თითოეულ მოსწავლეს ჩასწვდეს, რადგან 40-45 ბავშვის მაგივრად კლასში 15 ბავშვია და 45 წუთის განმავლობაში მასწავლებელი თითოეულ ბავშვს უფრო უკეთ უდგება, ასწავლის, იგებს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. ბავშვის განათლება ხომ პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა სკოლისთვის. არა ფიქრი იმაზე, რომ ბავშვმა მხოლოდ გამოცდა ჩააბაროს და ატესტატი აიღოს, არამედ იმაზე, რომ ბავშვი განათლებული იყოს. განათლება იცით, როგორი რაღაცაა? აი, ჩვენ ხომ ყოველდღე წყალს ვსვამთ, ვსუნთქავთ, ამის გარეშე ხომ ვერ ვცოცხლობთ, ასევეა განათლება. ადამიანი მის გარეშე ვერ იარსებებს.

ადამიანური ურთიერთობებიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ბავშვი უნდა სწავლობდეს ადამიანურ და ასევე მოქალაქეობრივ ღირებულებებს, ვალდებულებებს. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს გარკვეული ვალდებულებები როგორც საკუთარი თავის, ასევე ადამიანებისა და ქვეყნის წინაშე.

რატომ უნდა მოიყვანოს მშობელმა ბავშვი სკოლა “იბერიაში”? – მიზეზი ბევრია, აქ ბავშვს ისევ თავისი სახლი, ოჯახი დახვდება. ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ინკლუზივი, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები. მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენიანები არიან და მაქსიმალურად ჩართული ვართ მათ დასახმარებლად.”

 

 

Aris.ge - განათლება განათლება