სკოლა „პროგრესი“- ადგილი, სადაც წარმატების ისტორია იწერება
ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი ,,პროგრესის“ ერთიანი გუნდი წარმატებულ შედეგს უამრავი მიმართულებით დებს, თუმცა მის ანგარიშზე ინდივიდუალური გამარჯვებების ვრცელი ჩამონათვალი ირიცხება. 14 წლის მაჰმურე იაღჯიოღლუ ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა, რომელმაც პროგრესული თაობისთვის დამახასიათებელი შემართებითა და განათლებით სკოლის მდიდარ ისტორიას კიდევ ერთი საამაყო ამბავი შემატა. ის ამერიკული გაცვლითი პროგრამის ,, ფლექსის“ ყველაზე პატარა მონაწილე აღმოჩნდა, რომელმაც 5000 კონკურსანტსა და 80 გამარჯვებულს შორის მოხვედრა შეძლო…
– გვიამბე, რამდენად რთული ამოცანა იყო კონკურსში მონაწილეობის მიღება?
– პირველ ეტაპზე 15-წუთიანი ინგლისური ენის ტესტი ჩავაბარე, შემდეგ რამდენიმე ესე დავწერეთ, მესამე ტურში კი საკმაოდ რთული გამოცდა გავიარეთ. შედგა ინტერვიუც, რომლის საფუძველზეც საბოლოო შედეგი გაგვაცნეს. ადვილი არ ყოფილა. გულით მინდოდა გამარჯვება, თუმცა ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ეს შეიძლება ასე ახლოს ყოფილიყო.
– ახლა, როცა იცი, რომ ერთ აკადემიურ წელიწადს ამერიკაში გაატარებ, როგორია შენი მოლოდინები?
– ჯერჯერობით, გამგზავრების ზუსტი თარიღი არ დასახელებულა. ამერიკაში ალბათ 2-3 თვეში წავალთ. მე-10 კლასს იქ გავივლი, რაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო ამბავია, რადგან საშუალება მეძლევა 1 წლის მანძილზე გავიცნო შტატების კულტურა, ხალხი და რა თქმა უნდა, მივიღო განათლება. ასევე მინდა, ჩემი ქვეყანა გავაცნო მრავალ ადამიანს.
– ამჟამად მიმდინარე დისტანციურ რეჟიმში სწავლასთან როგორ ადაპტირდი?
– ყოველდღიურობა შეიცვალა, მაგრამ ატმოსფერო იგივე დარჩა. მასწავლებლები ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ პრეზენტაციები, პროექტები ამ რეჟიმშიც კეთდებოდეს და არაფერი მოგვაკლდეს.
– რა არის ის მთავარი შენაძენი რაც სკოლა ,,პროგრესმა“ მოგცა?
– ურთიერთობები, მეგობრები, განათლება.
– საყვარელი საგნები რომელია?
– ისტორია და ინგლისური ენა და ლიტერატურა.
– რას გვეტყვი შენი ჰობის შესახებ?
– მიყვარს წერა, კითხვა და ფსიქოლოგიის საფუძვლების შესწავლა.
– უკვე ხომ არ გაქვს არჩეული მომავალი პროფესია?
– ზუსტად არ ვიცი, თუმცა ფსიქოლოგიის და საადვოკატო საქმიანობის ინტერესი მაქვს. სკოლაში სამართლის საგანს გავდივართ და დაინტერესებაც აქედან წამოვიდა.
– და ბოლოს როგორ ფიქრობ, რა გამოცდილება შეგმატა ,,პროგრესმა“, რომელიც ზოგად წარმატებებში ხელს გიმართავს?
– ძალიან ძლიერი სკოლაა, ძლიერი გუნდით. პედაგოგები ჩვენთვის მაქსიმუმს აკეთებენ. კონკრეტულად ფლექსის გამოცდისთვისაც არ დამჭირვებია მომზადება, რადგან ,,პროგრესი“ იმისთვის ყველაფერს გვაძლევს, რომ ზოგადი ცოდნა გაგვიღრმავდეს, ბევრად მეტი ვიცოდეთ, ვიდრე ამას ხშირად სასკოლო პროგრამები ითვალისწინებს. შესაბამისად, გამოწვევების არ მეშინია.