„სკოლაში რასაც ვსწავლობთ, ის პრაქტიკაშიც უნდა გამოვცადოთ“ – პაპუნა ბრეგვაძე, გამომგონებელი მოსწავლე ქუთაისიდან
კრეატიულობა თვითგამოხატვის ყველაზე კარგი და თავისუფალი ფორმაა. ბავშვები კი ყველაზე კრეატიულები არიან. ქუთაისის მეოცე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე პაპუნა ბრეგვაძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც სასკოლო პროგრამის პარალელურად, თავისუფალ დროს სხვადასხვა ნივთების აწყობას უთმობს. ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიისადმი განსაკუთრებული სიყვარული კი ახალი იდეების მოფიქრებაში ეხმარება.
პირველად, ორი წლის წინ, ადამიანის ჩონჩხის მოდელის დამზადება სცადა. შვიდი თვე იმუშავა და გამოუვიდა. ასე დაიწყო მისი გზა გამომგონებლობისკენ. ახალ იდეებზე მუშაობას დიდ დროს უთმობს, პროცესი ზოგჯერ თვეობით გრძელდება, მაგრამ არ ამბობს, რომ არ ბეზრდება, როცა უამრავი დეტალის შეცვლა უწევს. მასალად პლასტმასის, ქაღალდის ან პოლიეთილენის ნარჩენებსა და ყველა იმ მეორად ნივთებს იყენებს, რაც სასურველი მიზნის მიღწევაში გამოადგება.
„პირველი მოდელის ჩვენება ახლა არ შემიძლია, რადგან უკვე დაშლილია. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ზრდასრული ადამიანის სიმაღლე ჰქონდა. ყველა პატარა დეტალი მქონდა გამოჭრილი. სახსრებიც მქონდა. მასზე ჯამში შვიდი ან რვა თვე ვიმუშავე და რადგან გამომივიდა შემდეგ სხვა რამეების გაკეთების სურვილიც გამიჩნდა. ისეთი მოდელების აწყობა დავიწყე, რაც რაიმე მექანიკურ მუშაობას ასრულებდა“, – გვიყვება პაპუნა.
ამის შემდეგ არბალეტის მსგავსი ნივთი ბამბუკისგან დაამზადა, კატაპულტის მისებური ვარიანტი შექმნა და წყლის მილებისგან სნაიპერი გააკეთა. რომელიც სამ ნაწილად იშლება და ახლა მისივე ხელით გაკეთებულ ჩემოდანში ინახავს.
ყველაზე ახალი გამოგონება, რითაც საზოგადოებამ პაპუნა სოციალური ქსელით გაიცნო ავტომანქანის ძრავის მექანიკური მოდელია. მასალად აქაც ხე და სხვა მეორადი ნივთები გამოიყენა. გვიყვება, რომ ძრავის მოდელის შესაქმნელად ორი კვირის განმავლობაში, დღეში ორი საათი მუშაობდა, რომ მასწავლებლისა და მეგობრებისთვის ახალი ნივთი წარედგინა.
პაპუნა ჯერჯერობით კონკურსებში მონაწილეობას არ ჩქარობს. ფიქრობს, რომ რასაც აკეთებს მხოლოდ დასაწყისი და ერთგვარი ჰობია. გამომგონებელი მოსწავლე გვიყვება, რომ მუშაობის პროცესში მოტივაციას და ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მისთვის ყველაზე საამაყო იყო, როდესაც მშობლიური სკოლის ფიზიკის კაბინეტის დაზიანებული ნივთების შეკეთება ანდეს.
პაპუნას თქმით, კეთებით სწავლის პროცესში ბევრი ბავშვი უნდა ჩაერთოს, რაც მათ ტექნიკურ საგნებს შეაყვარებს და ახალი იდეების შთაგონების წყაროც იქნება.
„ბავშვობიდანვე მომწონდა ფიზიკური ცდები. ფიზიკის კაბინეტში ისეთი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი მაინტერესებდა, რომლებიც დაზიანებული იყო. რამდენიმე ნივთი სახლში შევაკეთე და სკოლას დავუბრუნე. მას მერე ფიზიკის სწავლაში უფრო ჩავერთე, რაც დღეს გამოგონებებზე მუშაობას მიადვილებს. ფიზიკის მასწავლებელიც მეხმარება. ჩემი აზრით, რასაც სკოლაში სწავლობს თეორიულად, პრაქტიკაში უნდა გამოსცადოს ბავშვმა. სხვისი გაკეთებულის დაკვირვებაც საინტერესოა, მაგრამ საკუთარი ხელით რომ ვაკეთებთ, სულ სხვაა“, – აგვიხსნა პაპუნა ბრეგვაძემ.
ჯერ არ იცის სამომავლო პროფესიად რას აირჩევს, მაგრამ ფიქრობს, რომ ახალი ან ძველი ნივთების მისეული ხედვით გაკეთება არასდროს მოსწყინდება. იქნებ ერთხელაც, მისი ეს ჰობი თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ახალ სიტყვად იქცეს და მეორადი ნარჩენებისგან, რომლის ნაკლებობასაც დედამიწა არ განიცდის, ინოვაციური პროდუქტების შექმნით, სერიოზული ეკო გამომგონებელიც გახდეს.