თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა, კურსდამთავრებული აბიტურიენტები მარაბდის ველზე დალოცა
ეროვნულ გამოცდებამდე ერთი დღით ადრე, გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულ აბიტურიენტებთან ერთად მარაბდის ველზე იმყოფებოდნენ, სადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ, მარაბდის ომის გმირებისადმი მიძღვნილ თეატრალიზებულ სანახაობას დაესწრნენ.
აბიტურიენტები დალოცეს და ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვეს მღვდელმთავრებმა: მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) და წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია).
აბიტურიენტებთან ერთად მარაბდის ველზე იმყოფებოდნენ: გიმნაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი, საქართველოს საპატრიარქოს ქართველ მუსლიმანებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ნანა (ციცინო) ანთაძე და გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი -იოსებ აფაქიძე, რომლებიც შეხვდნენ ქვემო ქართლში მცხოვრებ, აჭარელ ეკომიგრანტებს და ხელოვნების სკოლა-პანსიონში, ხელოვნების ნიჭის მქონე მოსწავლეების სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
ასევე საუბარი შეეხო ეკომიგრანტ ქართველ მუსლიმან და ქართველ ქრისტიანთა ურთიერთობებს.
მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გიორგი წიკლაურმა მადლობა გადაუხადა მამა მირიანს და ხელოვნების სკოლა-პანსიონს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აჭარელ ეკომიგრანტთა შვილების სასკოლო და სახელოვნებო განათლებაში მხარდაჭერისათვის.