თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონსა და ნიქოზის ხელოვნების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის დელეგაცია ნიქოზის მე-10 საერთაშორისო, ანიმაციური ფილმების საიუბილეო ფესტივალის დახურვაზე იმყოფებოდა.
ფესტივალი გაიხსნა 1 სექტემბერს და დამთავრდა 6 სექტემბერს. ამ ექვსი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ანიმაციური ფილმები: გერმანიიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, არგენტინიდან, ბულგარეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, ლატვიიდან, ლიეტუადან, ირანიდან, იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან.
“ფესტივალის ჩატარება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი იმართება საოკუპაციო ხაზთან და ხაზს უსვამს, რომ საქართველო ხელოვნებითა და კულტურით იბრძვის მშვიდობისათვის და დეოკუპაციისათვის. ამ ფესტივალის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ესაია (ჭანტურია) არის ნამდვილი გმირი და დიდი სასულიერო და საერო მოღვაწე და როდესაც ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალები კითხულობენ თუ რას აკეთებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, მეუფე ესაიას ღვაწლი და თავდადებაც საკმარისია იმისათვის, თუ როგორი მღვდელმთავრები ყავს ქართულ სამოციქულო ეკლესიას. დიდი მადლობა მეუფე ესაიას მისი მოღვაწეობისათვის და იმ დღესასწაულისათვის, რომლის მომსწრეც, ჩვენ წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის დელეგაცია ვიყავით. გადაწყდა, რომ, უახლოეს დღეებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონსა და ნიქოზის ხელოვნების სკოლას შორის”, – ნათქვამია თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.