წითელი ხალიჩა და ტაში მასწავლებლებისთვის – როგორ მიულოცეს პროფესიული დღე მოსწავლეებმა პედაგოგებს
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლების საერთაშორისო დღეს, თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში დილით მისულ პედაგოგებს დიდი სიურპრიზი დახვდათ – სკოლაში შესასვლელად წითელი ხალიჩა უნდა გაევლოთ.
„შენ მე კითხვა მასწავლე“, „შენ მე წერა მასწავლე“, „შენ მითხარი შეძლებო“, „შენ მე წიგნი მასწავლე“, „შენ მირჩიე, ვეძებო“, „შენ მაკაცებ, მასაქმებ“, „შენ მასწავლი მე შრომას“, „შენ მე მასწავლი სამშობლოს სიყვარულს“, „შენ მე მასწავლი სულ წინ ვიარო“, „შენ მე მასწავლე არ მოვუტანო მოყვასს ზიანი“, „შენ მე მასწავლი მეგობრის ფასს“, „შენ მასწავლი პატიებას“, „შენ მასწავლი რომ მე ვიყო კეთილი“, „თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითი“, – ამ წარწერებით დახვდნენ მასწავლებლებს VI ა კლასის მოსწავლეები.
მასწავლებლებისთვის საოცარი დღის ჩუქება VI ა კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა მოიფიქრეს. სკოლაში დილაადრიან, მასწავლებლების მისვლამდე მივიდნენ და ყველა მასწავლებელს ოვაციებით, ტაშითა და მადლობით შეხვდნენ.
146-ე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი და დირექტორის მოადგილე, ეკა ოდილაძე EDU.ARIS.GE-სთან ემოციებს ვერ მალავს და ამბობს, რომ მოულოდნელმა სიურპრიზმა პედაგოგები უზომოდ გაახარა. ასწავლიდა თუ არა ამ კონკრეტულ კლასს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბავშვებმა ყველა მასწავლებელს აჩუქეს ემოციების ზღვა.
„მასწავლებლისთვის ყველა დღე დღესასწაული უნდა იყოს თავის საყვარელ მოსწავლეებთან შეხვედრის გამო, მაგრამ ეს საოცარი ემოცია იყო. ჯერ კიდევ არ ვიყავი მიახლოვებული სკოლის შესასვლელს, რომ მოგვესმა ჩვენი მოსწავლეების სიყვარულით სავსე შეძახილები – მოდიან მასწავლებლები! გაკვირვებული მივუახლოვდი სკოლას. ყველა პედაგოგი წითელ ხალიჩაზე გაგვატარეს და სათითაოდ მოგვეფერნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის და ეს დღე მხოლოდ მასწავლებლების კი არ არის, არამედ თითოეული მოსწავლის, მათი მშობლების… დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებსა და მშობლებს, რომლებმაც ასეთი დიდი სითბო, ყურადღება გამოიჩინეს და სიყვარულით მოგვილოცეს. ეს ნამდვილად მოულოდნელი და საოცარი სიურპრიზი იყო ჩვენთვის”, – ამბობს ეკა ოდილაძე.
ასევე იხილეთ:
გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობა მასწავლებლებო!