GE
24 თებერვალი, 2023 17:03

წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კოჯორში, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს.

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენებელი პანაშვილი აღასრულა და მოსწავლეებს ესაუბრა 1921 წლის თებერვლის მოვლენების შესახებ, ქართველი ჯარისკაცებისა და ახალგაზრდა იუნკრების გმირულ ბრძოლაზე საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.

საქართველოს ისტორიის პედაგოგმა – იოსებ აფაქიძემ ბავშვებს მოუთხრო, კოჯრის მიდამოებში, ქართველთა თავგანწირული ბრძოლისა და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ.

საქართველოს სახალხო პოეტმა, გიმნაზიის მეგობარმა – თინათინ მღვდლიაშვილმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, რომელიც მიძღვნილია გმირი ქართველებისადმი.

ასევე, ქართველ პოეტთა ლექსები წაიკითხეს და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრეს გიმნაზიის მოსწავლეებმა: ირაკლი ბაბუცაშვილმა, ეკატერინე გორგაძემ, ანა ბერიძემ, დავით დუგლაძემ, თეკლა მუჯირიშვილმა და გიორგი ჩხაიძემ.

კოჯრიდან დაბრუნების შემდეგ, ქალბატონმა თინათინ მღვდლიაშვილმა, საინტერესო შეხვდა გამართა ხელოვნების სკოლის, საცხოვრებელ კამპუსში მცხოვრებ ბავშვებთან.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში