GE

როგორ ავიცილოთ თავიდან კლასში ძალადობა?

ხშირად აწყდებით კლასში ძალადობას? გსურთ მისი შეჩერება, მაგრამ არ იცით როგორ გააკეთოთ ეს? ნუ დანებდებით! იხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კლასში ბავშვებს შორის ძალადობის აღსაკვეთად:

1. მიეცით მაგალითი – ბავშვები უფროსების ქცევას ყურადღებით აკვირდებიან.

2. შეიმუშავეთ დასჯის მეთოდი – მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეიგნონ, რომ ძალადობა და ჩაგვრა მიუღებელია. მოძალადე ბავშვებს უნდა დაეხმაროთ, შეიძინონ და გაითავისონ ის უნარები, რომლებიც აკლიათ. მაგალითად, დასაჯეთ ასეთი მოსწავლე კლასის რომელიმე აქტივობისგან გამოთიშვით, თუმცა მოთხოვეთ, ამ დროში დაწეროს მოსაბოდიშებელი წერილი, ან დახატოს ნახატი, რომლითაც გადმოსცემს, თუ როგორი გრძნობაა როდესაც ვინმე გჩაგრავს. მოძალადე ბავშვებმა უნდა გაიაზრონ, თუ როგორ მოქმედებს მათი საქციელი სხვებზე. დასჯის პროცესი ყოველთვის მიიყვანეთ ბოლომდე. თუ ერთს დაინდობთ, ყველა სხვა მჩაგრავი ჩათვლის, რომ მსგავსი საქციელი მათაც შერჩებათ.

3. ჩამოაყალიბეთ ყოფაქცევის წესები – ჩართეთ მოსწავლეები მათ შექმნაში. გამოთქვან თავიანთი აზრი იმის შესახებ, თუ როგორი საქციელია მისაღები და როგორი არა. თუ ბავშვები თავად იქნებიან პასუხისმგებელი ძალადობის შესახებ კლასის პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ შეასრულონ იგი და მეგობრებსაც აიძულონ მათი შესრულება. გამოაკარით კლასში ყოფაქცევის წესები, რათა ბავშვებს მუდამ ახსოვდეთ, როგორ მოქცევის უფლება აქვთ.

4. დააჯილდოვეთ კარგი საქციელი – პოზიტიური ურთიერთობების წახალისება და ხელის შეწყობა, მეგობრული და თავაზიანი საქციელის დანახვისთანავე მისი შექებით შეგიძლიათ. ბავშვებს უყვართ შექება და ისინი შეეცდებიან თქვენგან მის დამსახურებას. ეცადეთ, ყოველთვის დაინახოთ მათი დადებითი მხარე. გახსოვდეთ, ბავშვები არ არიან სრულყოფილნი. ისინი ჩამოყალიბების პროცესში არიან.

5. ენდეთ თქვენს ინსტიქტებს – თუ ეჭვი გაქვთ, რომ რომელიმე ბავშვს ჩაგრავენ, ეს ალბათ, ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ თავად, შესაძლოა, უარყოს ეს ფაქტი შიშის ან სირცხვილის გამო.

6. ხელი შეუწყვეთ მოსწავლეების ძლიერი მხარეების განვითარებას – ბავშვებს, რომლებსაც ჩაგრავენ, ხშირად დაბალი თვითშეფასება აქვთ. მათთვის სასიამოვნო აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობა, შეიძლება, დაეხმაროს მათ, რომ თავი უკეთესად იგრძნონ. სხვა ბავშვების თანდასწრებით მათი ნიჭიერების ხაზგასმამ, შესაძლოა, მათი რეპუტაცია გაზარდოს. ხოლო იმ ბავშვებისათვის, რომლებიც თავად არიან მჩაგვრელები, მოაწყვეთ ისეთი აქტივობები, სადაც ისინი თავიანთ ლიდერობის უნარს დადებითი კუთხით გამოიყენებენ. მაგალითად, ასწავლონ მათზე პატარებს სპორტი ან სხვა რამ.

7. ასწავლეთ სოციალური უნარ-ჩვევები – ბავშვებს, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ, სჭირდებათ პრობლემის გადაჭრის სხვა უნარების შესწავლაში დახმარება. ხშირად შეახსენეთ მათ ეს სტრატეგიები და აჩვენეთ, რომ გჯერათ, რომ ისინი წარმატებით შეძლებენ ურთიერთობის უკეთესი ფორმების შერჩევას.

8. მინიმუმამდე შეამცირეთ ძალადობის მოხდენის შესაძლებლობები – მოაწყვეთ ისეთი აქტივობები, რომლებშიც ის ბავშვი, რომელსაც ხშირად ჩაგრავენ, ისეთი თანაკლასელების გარემოცვაში იქნება, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ მას. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გაანაწილოს გუნდები, ჯგუფები და ადგილები, სადაც თითოეული ბავშვი უნდა დაჯდეს. თუ ამას თავად ბავშვები გააკეთებენ, ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაც, ვისაც გარიყავენ და დაცინებენ. ასე რომ, დაშალეთ ის გუნდი ბავშვებისა, რომლებიც, შესაძლოა, აგრესიულად მოიქცნენ ერთად.

9. თვალი ადევნეთ ბავშვებს – თუ შეატყობთ, რომ ბავშვი რაღაცას განიცდის, ან, სახეზე შიშს შენიშნავთ, დაელაპარაკეთ მას. ამან შესაძლოა, სწრაფადვე გამოიღოს ეფექტური შედეგი და არ დაუშვას მდგომარეობის გაუარესება.

10. გაამხნევეთ ბავშვები, რათა გაბედონ თქვენთან პრობლემების შესახებ მოყოლა – თუმცა, განმარტეთ განხსვავება უბრალო ყბედობასა და პრობლემის მოყოლას შორის. მოიფიქრეთ ჩივილის გაზიარების ალტერნატიული ფორმები, მაგალითად, ანონიმური საჩივრების ყუთი, რამაც, შესაძლოა, ბავშვებს თავიანთი პრობლემის გაზიარების დისკომფორტი შეუმციროს.

11. მოუსმინეთ და დაეხმაარეთ – თუ მოსწავლე მოგიყვებათ ჩაგვრის შესახებ, ყურადღებით მოუსმინეთ და შეაქეთ ამის თქმის გამბედაობისათვის. გამოკითხეთ დეტალები და გამოხატეთ თქვენი შეშფოთება. მიეცით რჩევები.

წყარო: wikihow.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური