GE

რატომ არის გაკვეთილზე სისტემატურად დასწრება მნიშვნელოვანი – მიზეზები

გაკვეთილზე რეგულარული დასწრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის აკადემიური წარმატებისა და პიროვნული განვითარებისათვის. ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, ეს პროცესი ხელს უწყობს როგორც კოგნიტურ, ასევე სოციალური უნარების განვითარებას.

ამ სტატიაში დეტალურად არის განხილული ძირითადი მიზეზები, თუ რატომ არის გაკვეთილზე სისტემატურად დასწრება მნიშვნელოვანი:

1. სწავლების უწყვეტობა

რეგულარული დასწრება უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის უწყვეტობას. მოსწავლეები, რომლებიც გამუდმებით ესწრებიან გაკვეთილებს, არ უშვებენ მნიშვნელოვანი საკითხების ჩავარდნას და მათ გონებაში არასოდეს ჩნდება „ცარიელი ადგილები“. ფსიქოლოგების აზრით, ინფორმაცია უფრო მარტივად და ხანგრძლივად ინახება მეხსიერებაში, როდესაც ის ეტაპობრივად მიიღება (Woolfolk, 2019). ეს ხელს უწყობს სწავლების ეფექტურობის ზრდას.

2. კონცენტრაციისა და დისციპლინის გაუმჯობესება

გაკვეთილზე დასწრება აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას და ეხმარება მოსწავლეებს დარჩნენ სწავლებუს მუდმივ რეჟიმში. თანმიმდევრული დასწრება მათ ეხმარებათ, დისციპლინის განვითარებაში, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, რომ უკეთ მართოს საკუთარი დრო და ორგანიზება გაუკეთოს სხვა აკადემიურ თუ პირად საქმიანობებს (Schunk & Zimmerman, 2012).

3. ინტერაქცია მასწავლებელთან და თანატოლებთან

️სოციალური ინტერაქცია გაკვეთილებზე მნიშვნელოვანი ასპექტია მოსწავლის განვითარებისთვის. როდესაც მოსწავლეები აქტიურად ურთიერთობენ მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან, ისინი სწავლობენ აზროვნების სხვადასხვა სტილსა და დისკუსიაში ჩართვას.

ეს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ კრიტიკულ აზროვნებასაც განავითარებს (Vygotsky, 1978).

ფსიქოლოგების აზრით, მოსწავლეთა სოციალური აქტივობა და ურთიერთობები ხელს უწყობს მათი ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას.

4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მეტი შესაძლებლობა კითხვების დასმისთვის

რეგულარულად გაკვეთილზე ყოფნა ნიშნავს, რომ მოსწავლეს აქვს მეტი შესაძლებლობა მასწავლებელთან პირდაპირი კომუნიკაციისა და კითხვების დასმისთვის. ეს პროცესი ეხმარება გაუგებარი საკითხების განმარტებას მასწავლებლის მხრიდან და მოსწავლისთვის უფრო ნათლად ახსნას. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია უფრო სწრაფად და ეფექტურად ხსნის დაბრკოლებებს სწავლაში (Bandura, 1997).

5. ტოლერანტობა და გუნდის წევრობა

გაკვეთილებზე დასწრება ავითარებს სოციალურ უნარებს და ემპათიას, რაც ეხმარება მოსწავლეს უკეთეს ურთიერთობაში თანაკლასელებთან და სხვებთან. გუნდური სამუშაოები, დისკუსიები და ჯგუფური აქტივობები ხელს უწყობენ გუნდურობის და ტოლერანტობის განვითარებას, რაც მომავალში აუცილებელია როგორც აკადემიურ, ასევე სამუშაო გარემოში (Johnson & Johnson, 1999).

6. დროის მართვის და პასუხისმგებლობის განვითარება

რეგულარული დასწრება ეხმარება მოსწავლეს დროის მართვის უნარების გაუმჯობესებაში. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ სკოლაში დასწრების ჩვევა დროულად ასწავლის ბავშვებს, როგორ გამოიყენონ დრო ეფექტურად, როგორ დაგეგმონ დავალებები და როგორ შეასრულონ პასუხისმგებლობები დროულად (Gollwitzer & Sheeran, 2006).

7. აკადემიური შედეგების გაუმჯობესება

კვლევების მიხედვით, მოსწავლეები, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან გაკვეთილებს, უფრო წარმატებით ავლენენ აკადემიურ უნარებს და მაღალ შედეგებს. როგორც ფსიქოლოგები აცხადებენ, სწავლის სტრუქტურა და დასწრების დისციპლინა მნიშვნელოვნად აისახება გამოცდების შედეგებზე (Ormrod, 2016)

ასევე იხილეთ:

რა ძირითადი „საფრთხეები“ ელის სკოლაში ყველა პირველკლასელს – სწორი მიდგომები მშობლისა და პედაგოგისგან

წყარო: Teachers blog, თარგმანი: შალვა მინდაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური