GE
19 აპრილი, 2025 13:28

ახალგაზრდა ლექტორის სულიერი გზავნილი – რა უნდა გვასწავლოს აღდგომის დღესასწაულმა

20 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს აღდგომას იზეიმებს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა მართმადიდებლისთვის. როგორია აღდგომის აღნიშვნის ტრადიცია და ვნების წინა კვირა იმ პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული რწმენითა და ფასეულობებით ზრდიან მომავალ თაობებს.

EDU.ARIS.GE ამ საკითხებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მოწვეულ ლექტორს, ეთო ბოკელავაძეს, ესაუბრა. ეთო ასევე გახლავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი.

უცვლელად გთავაზობთ ახალგაზრდა ლექტორის წერილს და სულიერ გზავნილს.

„აღდგომა – ეს არის ყველაზე დიდი გარდატეხის, გარდაქმნისა და გამარჯვების დღესასწაული კაცობრიობის ისტორიაში. დღე, რომელმაც შეცვალა სამყარო და საზოგადოების ცნობიერება. მოვლენა, რომელმაც დათრგუნა ყველა შიშისა და უიმედობის წყარო – სიკვდილი. ამ გამარჯვებით კი ადამიანებს ჩაუნერგა რწმენა და იმედი… იმედი გადარჩენის, იმედი განახლების, იმედი ახალი სიცოცხლის დასაწყისის. წმინდა იოანე ოქროპირი ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით ამბობს: „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს“. ქრისტეს აღდგომით დაირღვა ჯოჯოხეთი, დასრულდა მართალთა ტანჯვა და სიცოცხლემ მოიპოვა აბსოლუტური ძალა. ამ სიცოცხლეში კი იგულისხმება არა მხოლოდ სომატური, მიწიერი, არამედ მეტაფიზიკური, სულიერი სიცოცხლეც, რაც არის დასტური იმისა, რომ ადამიანი არასდროს მთავრდება, მათ შორის, არც გარდაცვალების შემდეგ. ქრისტეს აღდგომა არის ყველა შიშისა და ტკივილის, განსაცდელისა თუ მანკიერებების დაძლევისა და სულიერი განახლების სიმბოლო. იგი ადამიანებს ანიჭებს არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ გარდაქმნის შესაძლებლობას. ვისურვებდი, რომ ადამიანებს საკუთარ თავში გაცნობიერებული ჰქონდეთ ის შესაძლებლობები და უნარები, რაც სამყაროს შემოქმედმა მიანიჭა თითოეულ მათგანს, როგორც ღვთის ხატებას და ამ შესაძლებლობებთან ერთად, პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოსა და ადამიანების წინაშე.

სასკოლო საზოგადოება ქმნის საუნივერსიტეტო საზოგადოებას. ორივე ერთად კი – სახელმწიფოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე საფეხურზე, თემის ქრისტიანულ ნაწილში, პირველ რიგში, იმის სწავლა (ცხადია, ნებაყოფლობით), თუ რას ნიშნავს ქრისტეს აღდგომა და შემდეგ იმის გაანალიზება, თუ რა უნდა ისწავლონ აღდგომის დღესასწაულისგან. პირადად მე, ჯერ სკოლაში, შემდეგ კი უნივერსიტეტში მასწავლეს ქრისტიანობის არსი, ისტორია, მცნებები და არასდროს, არავინ შეხებია ჩემს პირად რწმენას. მიღებულმა განათლებამ საფუძველი შემიქმნა იმისთვის, რომ ქრისტიანობაში (და არა მხოლოდ) საფუძვლიანად გავრკვეულიყავი და დიდი როლი შეასრულა აგრეთვე, ჩემს პიროვნებაში ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებაში. თანამედროვე ეპოქაში, ადამიანმა, რომელიც ძალიან დაშორდა ღმერთს, დაკარგა ყველაზე ძლიერი საყრდენი – იმედი ხვალინდელი დღის და ამ იმედთან ერთად, ის რწმენაც, რომ ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ყველა პრობლემა მოგვარებადია, დაშვებული შეცდომები – გამოსწორებადი, განსაცდელი წარმავალი და პიროვნული “მე” შენარჩუნებადი. ადამიანს, რომელსაც ამის რწმენა არ გააჩნია, იპყრობს შიში, სასოწარკვეთა, აპათია და საბოლოო ჯამში, ვიღებთ სულიერ კრიზისს, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ფატალური შედეგით სრულდება.

აღდგომა გვასწავლის იმას, რომ ყოველთვის, ყველაზე წარმოუდგენელ სიტუაციაშიც არსებობს გამოსავალი. ალბათ რთული წარმოსადგენია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელმაც საკუთარი თვალებით უყურა ერთადერთი ძის ჯვარცმას, როგორ უნდა ჰქონოდა თუნდაც მცირე იმედი. თუმცა, მოხდა ყველაზე წარმოუდგენელი. ასეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაშიც: გამოსავალი ზოგჯერ იქ არის, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი. აღდგომის დღესასწაული გვარწმუნებს იმაში, რომ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. უფლის შემწეობით კი, ადამიანისთვის ყველაფერი მიღწევადია. ეს არის დღე, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს ძალას საკუთარ პიროვნებაში მნიშვნელოვანი და სასარგებლო ცვლილებებისთვის, საჭიროების შემთხვევაში კი, სრული ტრანსფორმაციისთვის, რომლის ლოგიკური შედეგიც ახალი, უკეთესი ადამიანის დაბადებაა. ოჯახი არის მინი სახელმწიფო, რომელსაც მტკიცე საძირკველი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, მუდმივი შრომა და ზრუნვა სჭირდება.

სადაც იშლება ოჯახის საძირკველი, იქ იშლება სახლმწიფოც. ქრისტიანებისთვის ოჯახი არის მცირე ეკლესია, რომელიც ღვთისა და ერთმანეთის უპირობო სიყვარულს ეფუძნება. უანგარო, უღალატო, თავგანწირულ სიყვარულს. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია ოჯახების ნგრევის მაჩვენებელი, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღ საფუძველზე დამყარებული ურთიერთობა, უსიყვარულობა, გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობა, სოციალურ-ეკონომიკური ფონი და გარეშე პირების ჩარევაა. ამიტომ აუცილებელია, დაოჯახებამდე წყვილი დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან, რისთვის ქორწინდებიან და არიან თუ არა მზად იმისთვის, რომ აღასრულონ ეს საღმრთო საიდუმლოება, რომელიც ორივე მხარისგან თავგანწირულ სიყვარულს, ერთგულებას, ზრუნვასა და შრომას მოითხოვს. ამ ცნობიერებით იქმნება მყარი ოჯახები და სადაც ოჯახი მყარია, იქ სახელმწიფოც ძლიერია. ოჯახი, როგორც უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, პირველ რიგში, თავად საჭიროებს მოფრთხილებას. მნიშვნელოვანია, რომ წყვილი ცხოვრობდეს დამოუკიდებლად და თავად ქმნიდეს საკუთარი ოჯახის კულტურას. ფასეულობები ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება წყვილების ცხოვრებისეული გამოცდილების, პრიორიტეტების, აზროვნების გათვალისწინებით. ქრისტიანული ოჯახისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზანსა და ფასეულობას ცხონებისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთის დახმარება წარმოადგენს, ეს კი უპირობო სიყვარულის გარდა, მოიცავს ერთმანეთისთვის აბსოლუტურ მიმღებლობას, ღირსებებითა და ნაკლოვანებებით და ურთიერთმხარდაჭერას ამ უკანასკნელის დაძლევაში. საყურადღებო ფასეულობას წარმოადგენს აგრეთვე, ერთმანეთის განვითარებაზე ზრუნვა და სულიერი ერთობის მიღწევა. რაც შეეხება მშობლობას, კვლავ მოვიხმობ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს, რომელიც ამბობს: “დედამ შვილის შობით, პირველ რიგში, ქვეყანას ადამიანი უნდა მოუვლინოს, შემდეგ კი, მისი სახით, ზეცას ანგელოზი მისცეს”. ცხადია, ეს მხოლოდ დედის პასუხისმგებლობა არ არის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მამის მონაწილეობას შვილის პიროვნულ აღზრდაში.

თანამედროვე ეპოქაში ოჯახის ინსტიტუტი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მისი შექმნის, ისე განვითარების პროცესში. მიმაჩნია, რომ დიდი ყურადღებით უნდა ვეპყრობოდეთ ოჯახურ ტრადიციებს და ბავშვები ადრეული ასაკიდან უნდა იყვნენ მათში ჩართულნი. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მშობლები ყოველთვის უნდა ცდილობდნენ, გამონახონ დრო შვილებისთვის, მათთან საუბრისთვის და ტრადიციების ერთად აღსრულებისთვის. ანალოგიურად, შვილებიც უნდა ვცდილობდეთ სათანადო ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მშობლებს. ვინაიდან, ის, რაც ზოგჯერ წვრილმანი გვგონია და ვფიქრობთ, რომ დროის დაკარგვად არ ღირს, შეიძლება სწორედ ის აღმოჩნდეს გადამწყვეტი“.

ასევე იხილეთ:

„მხარდამჭერები ვიყოთ“ – რა სურთ „ჯენ ზი“ და „ალფა“ თაობებს და როგორ უნდა აირიდოს მათთან კონფლიქტი მშობელმა ან პედაგოგმა

 

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში