გამარჯვებულების ზღვა – ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2025, მოულოდნელი შედეგებით, საზეიმოდ დასრულდა

დაგეგმილზე მეტი გამარჯვებული, ემოციების ზღვა, რჩეული გუნდები სრულიად ინოვაციური იდეებითა და ათობით მოსწავლის გაკვალული გზა წარმატებისკენ – ასე დასრულდა ალტე უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო START-UP მარათონი 2025. ფინალურმა ღონისძიებამ ორთვიანი შრომატევადი პროცესი შეაჯამა – მონაწილეების იდეებს გაეცნო და რჩეულები გულუხვად დააჯილდოვა.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებას. შესაბამისად, უფროსკლასელებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აძლევს უნიკალურ შანსს, რომ პროფესიონალ გუნდთან ერთად დაამუშაოს იდეა, აქციოს ბიზნესგეგმად და მის განსახორციელებლად ფინანსებიც მოიპოვოს.
ფინალურ ღონისძიებამდე იყო რთული და მრავალეტაპიანი პროცესი. ყველაფერი კონკურსის გამოცხადებით დაიწყო, რომელიც ნებისმიერი სკოლის X, XI და XII კლასელებს საკუთარი იდეების ხორცშესასხმელად იწვევდა. მონაწილეობის სურვილი 500-მდე აპლიკანტმა გამოთქვა. ჟიურის საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება და მათგან 11 საუკეთესო გუნდის შერჩევა მოუხდა.
შემდგომ იყო გუნდების მუშაობა მენტორებთან ერთად, ტრენინგები მეწარმეობის მიმართულებით, მენტორშიპის პროგრამები, ჩანაფიქრიდან საბოლოო, ბიზნესმოდელამდე მისვლა და პრეზენტაციების ჩამოყალიბება, რომლებიც გუშინ, ალტე უნივერსიტეტში საგანგებოდ შეკრებილ დამსწრე საზოგადოებასა და ჟიურის წარუდგინეს.
“ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაგარი თაობა მოდის. არაერთ START-UP მარათონში მიმიღია მონაწილეობა და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციები სრულფასოვანი ბიზნესიდეებია. აპლიკაციების ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება. START-UP და ინოვაციური ეკოსისტემა, ნებისმიერი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია. თანამედროვე ეკონომიკა, ფაქტობრივად, ამაზე დგას. ევროპისა და ამერიკის მასშტაბით ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, რასაც ძალიან კარგად ვაცნობიერებთ და ჩვენი ბიზნესის სკოლის პროგრამები სწორედ სამეწარმეო, ტექნოლოგიური უნარების განვითარებაზეა მორგებული. მარათონიც ამას ემსახურება. დარწმუნებული ვარ დღეს წარმოდგენილი იდეებიდანაც უმრავლესობა ფრთებს შეისხამს და წარმატებულ პროექტებად ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა დავით კიკვიძემ.
ჟიურის კიდევ სამი წევრი პროექტის მხარდამჭერ და სპონსორ კომპანიებს წარმოადგენდნენ: TBC ბანკის მიკრო ბიზნესის კომერციული ლიდერი ლევან გობეჯიშვილი, Entrepreneur Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე სირაძე და GITA • Tech Park-ის პროექტების მენეჯერი მარიამ ვარდიძე.
აღსანიშნავია, რომ მარათონში ჩართული გუნდების უმეტესობა რეგიონების სკოლებს წარმოადგენდა. არაერთმა მათგანმა ფინალურ ეტაპზე წარმატებითაც იასპარეზა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მარათონის ბოლოს იმაზე მეტი გამარჯვებული დასახელდა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო: Entrepreneur Georgia-მ ერთის ნაცვლად სამი გუნდის (G-AID, Astrobrain, სივრცე/Sivrce) მედია მხარდამჭერი გახდა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეა ფართო აუდიტორიას გააცნონ. GITA • Tech Park-ი ასევე სამ გუნდს (სივრცე/Sivrce, G-AID, Polymorph, Aquaguard) დაეხმარება პროტოტიპის შექმნაში, ნაცვლად ერთისა, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. მეოთხე გუნდი კი მენტორინგის პროგრამით დააჯილდოვა.
რჩეული (გუნდი სივრცე/Sivrce) გამოავლინა TBC ბანკმაც, რომელსაც იდეის განსახორციელებლად 5 ათას ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა.
რაც შეეხება ალტე უნივერსიტეტის რჩეულს, ეს სტატუსი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებისგან შემდგარმა გუნდმა Polymorph-იმ მოიპოვა, რომლის იდეაც ერთის მხრივ, მომგებიანია ბიზნესისათვის და ამავდროულად, ეკოლოგიაზე ზრუნვას ემსახურება.
იაშო გელენიძეს, დემეტრე არდოტელს, ირაკლი მექვაბიშვილსა და გიორგი მიქიაშვილს მეორადი პლასტმასას გადამუშავებისა და ახალი ნაკეთობების დამზადების საწარმო დანადგარის შექმნის იდეა სწორედ კონკურსმა შთააგონა. ჩანაფიქრი წარადგინეს და ჟიურის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. თუმცა, მანამდე მათაც და მათმა იდეამაც განვითარებისა და დახვეწის შრომატევადი გზა გაიარეს.
ბიჭების მიერ გამოგონებული დანადგარი ადნობს პლასტმასას, რომელიც ყალიბებში თავსდება. ყალიბი მაცივარში გაივლის, რის შემდეგაც გადამდნარი პლასტმასა საბოლოო სახეს – ახალი ნივთის ფორმას იღებს. უფროსკლასელების თქმით, ამ გზით ბიზნესი შეძლებს პლასტმასას მეორეულ მოხმარებასა და ხარჯების შემცირებას, ბუნება კი მიიღებს ეკოლოგიურ სარგებელს, ნაკლებად დაბინძურება რა პლასტმასით.
“დედამიწაზე უამრავი გადაუმუშავებელი პლასტმასა რჩება, რაც იწვევს ფლორის, ფაუნის განადგურებასა და ეკოლოგიურ კატასტროფებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაში დიდ წვლილს შევიტანთ”, – ამბობენ ბიჭები.
მიუხედავად იდეის ინოვაციურობისა და აშკარად გამოკვეთილი მრავალფეროვანი სარგებლისა, მოსწავლეები ალტე უნივერსიტეტის რჩეულის სტატუსს არ ელოდნენ. მათთვის ეს გამარჯვება სტიმულის მომცემია, რამაც უფრო დიდი მიზნებისკენ უბიძგა. სამომავლო გეგმებში კი პროექტის ბოლომდე მიყვანა, დანადგარის აწყობა და წარმოებაში ჩაშვებაა. ამბობენ, რომ ქართული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია მათი იდეით უკვე დაინტერესებულია და იმედოვნებენ, რომ პარტნიორობის მსურველი კომპანიების რიცხვი, დანადგარის შექმნის შემდეგ, გაიზრდება.
პროექტი TBC for Youth, TBC for Business, Entrepreneur Georgia და GITA • Tech Park-ის მხარდაჭერით განხორციელდა. START-UP მარათონი, ალტე უნივერსიტეტში, უკვე მესამედ გაიმართა.
-
რა (არ) უნდა იცოდეს პირველკლასელმა სკოლაში შესვლისას – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს by ARIS.GE-განათლება
-
ვადა 14 მაისის დღის ბოლომდე გაქვთ – ზაფხულის გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ქართული ენა და ლიტერატურა და ლიტერატურა – აბიტურიენტის რა ცოდნა შემოწმდება ამ საგნების ტესტებით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე