GE

„1 304 საჯარო სკოლისთვის შესყიდულია სასკოლო, საოფისე, სამზარეულო და სამედიცინო კაბინეტის ავეჯი ან ინვენტარი“ – როგორ შესრულდა განათლების ბიუჯეტი 9 თვეში

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ხელმოწერით, საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა გადაუგზავნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის 2022 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 1 264 141.6 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 1 243 334.4 ათასი ლარი, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 153 921.9 ათასი ლარით მეტია.

რაც შეეხება მიმართულებების მიხედვით ათვისებულ თანხებს, 31 ოქტომბრის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 2078-მდე საჯარო და 210 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 749.4 მლნ ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას 679 საჯარო, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო დაწესებულების 1 612 მანდატური უზრუნველყოფდა.

დოკუმენტში საუბარია მოსწავლეთა ტრანსპორტირების შესახებაც და ნათქვამია, რომ თბილისში 38 საჯარო სკოლის 13 301 მოსწავლის ტრანსპორტირება განხორციელდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლის 1 904 მოსწავლის ტრანსპორტირება. განხორციელდა, 7 სკოლის 382 შშმ და სსსმ სატატუსის მქონე, ეტლით მოსარგებლე მოსწავლის ტრანსპორტირებით მომსახურება. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით კი 56 მუნიციპალიტეტი დაფინანსდა.

„პროფესიული განათლების დასაფინანსებლად მიიმართა 53.7 მლნ ლარზე მეტი, სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების დაფინანსებისა და ახალგაზრდების წახალისების მიზნით მიმართულ იქნა 79.9 მლნ ლარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით – 11.5 მლნ ლარი, ხოლო ინკლუზიური განათლების დასაფინანსებლად – 27.5 მლნ ლარზე მეტი. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მიმართული იქნა 45.1 მლნ ლარზე მეტი“, – ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

რაც შეეხება სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის მიმართულებას, როგორც ფინანსთა სამინისტრო წერს, დასრულებულია 17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო 9 სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარეობდა 8 სკოლის რეაბილიტაცია, დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სამშენებლო ტერიტორიის მოწყობისა და შვიდი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 74 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დასრულდა 5 სკოლის მშენებლობა და ორ სკოლაზე მიმდინარეობდა სატენდერო პროცედურები.

„1 304 საჯარო სკოლისთვის შესყიდულია სასკოლო, საოფისე, სამზარეულო და სამედიცინო კაბინეტის ავეჯი/ინვენტარი, დაფინანსებულია 129 საჯარო სკოლა ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისა და ინვენტარით აღჭურვის მიზნით, ოთხი საჯარო სკოლებისათვის შეძენილა რეალურ- ვირტუალური ლაბორატორიები. მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციია 10 პროფესიული სასწავლებლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით; მიმდინარეობდა სამი პროფესიული სასწავლებლების სამშენებლო სამუშაოები. ასევე, ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომელიც პროფესიულ პროგრამებსაც ახორციელებს) შენობების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაწყებულია ერთი ახალი კოლეჯის სამშენებლო სამუშაოები, დაფინანსებულია 6 პროფესული კოლეჯი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აღჭურვილობების შეძენის, ტექნიკისა და აქსესუარების განახლების, სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების განხორციელების მიზნით“, – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტისთვის გადაგზავნილ ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განათლების სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 1 840 165.9 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ კი შეადგინა 1 341 489.3 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმიური მაჩვენებლის 72.9%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 10.5%. მათ შორის:

  • სკოლამდელი აღზრდის დაფინანსებამ შეადგინა 143.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (110.4 ათასი ლარი) 130.1%-ს შეადგენს;
  • ზოგადი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 785 368.2 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (1 022 066.3 ათასი ლარი) 76.8%-ს შეადგენს;
  • პროფესიული განათლების დაფინანსებამ შეადგინა 58 408.8 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (79 365.0 ათასი ლარი) 73.6%;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 108 293.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (146 484.3 ათასი ლარი) 73.9%-ს შეადგენს;
  • უმაღლესის შემდგომი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 1 570.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (1 500.0 ათასი ლარი) 104.7%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 129 128.2 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (165 563.9 ათასი ლარი) 78.0%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროში გამოყენებითი კვლევების დაფინანსებამ შეადგინა 41 767.0 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (60 415.8 ათასი ლარი) 69.1%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროში სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების დაფინანსებამ შეადგინა 216 809.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (364 660.2 ათასი ლარი) 59.5%-ს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისის მიმოხილვაში ასახულია რამდენ პირს შეეხო, ან რამდენმა პირმა ისარგებლა განათლების სხვადასხვა პროგრამული მიმართულებებით და მათ შესახებ EDU.ARIS.GE კიდევ გიამბობთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური