GE

20-24  წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 37,3%-ია – საქსტატის ანგარიში

2022 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული
პუნქტით შემცირდა და 17.3% შეადგინა –  ვკითხულობთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 15 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სამუშაო ძალის მაჩვენებლები – დასაქმება და უმუშევრობა.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, ხოლო თვითდასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელი გახლდათ, 32,1.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წელს, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში, წინა წელთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

დოკუმენტში მოყვანილია მონაცემები, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის დონეს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით წარმოგვიდგენს:

უმუშევრობის დონის მიხედვით, პირველ ადგილს იკავებენ 15 -19 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი მოქალაქეები – 47.4 %; უმუშევრობით მეორე ადგილზე არიან 20-24  წლის ახალგაზრდები – 37,3%. უმუშევრობის დონე ასევე მაღალია 25-29 წლის ახალგაზრდებშიც და მაჩვენებელი 22,2 პროცენტს შეადგენს.

დიაგრამის  მიხედვით, სამუშაო ძალის ასაკის მატების პროპორციულად, იკლებს უმუშევრობის დონეც. შესაბამისად, უმუშევრობა ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (3.6 პროცენტი). დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მოცემულობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური