5 აგვისტოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო – ვადები და დეტალები
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეს, 5 აგვისტოს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დადგენილებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება 2024 წლის 5 აგვისტოდან 2024 წლის 28 დეკემბრამდე, თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ორგანიზებულად გაწვევის მიზნით.
დადგენილებაში ვკითხულობთ:
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 900-ით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1078-ით;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 627-ით;
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 320-ით.
ვის გაიწვევენ და რა ვალდებულება აქვს გაწვეულ პირს:
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.
ამ დადგენილებით განსაზღვრულ პერიოდში, მოცემული უწყების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა.
18-იდან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყებამდე განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან სავარაუდოდ თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაციასა და კონტროლს განახორციელებს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE