2017 წლის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები საზაფხულო ბანაკით საერთოდ აღარ ისარგებლებენ
2016–2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები წელს საზაფხულო სკოლაში გამგზავრებით აღარ დაჯილდოვდებიან. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში დაუდასტურეს, „წელს საზაფხულო სკოლა ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებული საერთოდ არ არის არც ერთი და არც სამი კვირით“.
სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ასეთი ცვლილების შესახებ ბრძანებაში ჩანაწერი არ გაკეთებულა, თუმცა პროცედურის თანახმად, წელს ერთკვირიანი საზაფხულო სკოლით „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის მოსწავლეები ისარგებლებენ და ესენი არ იქნებიან ოლიმპიადაში გამარჯვებულები.
„ერთკვირიან ბანაკში წავლენ მცირეკონტინგენტიანი სკოლების, დევნილი, სოციალურად შეჭირვებული და სხვა კატეგორიის მოსწავლეები. 7000–ზე მეტი ისარგებლებს. რაც შეეხება კითხვას, დასაჩუქრდებიან თუ არა ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულები ასეთი ფორმით მომდევნო წლებში, ამას ვერ გეტყვით, რადგან ყოველ წელს ახალი ბრძანება კეთდება ამ პროექტისთვის“, – განგვიცხადეს სამინისტროს შესაბამის სამსახურში.
ოლიმპიადაში მონაწილე და ერთ-ერთი გამარჯვებული ანასტასია ჩხენკელი ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზაფხულო სკოლის გაუქმების გამო იმედგაცრუებული და ნაწყენია. EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ანასტასია ამბობს, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სურთ ოლიმპიადა საერთოდ გააუქმონ.
„ოლიმპიადაში ჩემი მონაწილეობის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ გამარჯვების შემდეგ ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში უნდა წავსულიყავი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ახლა კი გამოდის, რომ ყველანაირი პრიზის გარეშე დავრჩი. გვპირდებოდნენ, რომ ანაკლიის მომავლის ბანაკში შეიძლება გავეშვით, მაგრამ არავინ შემხმიანებია. მე როგორც ვიცი, ბანაკში შესავსები ანკეტები უკვე გაიგზავნა, ჩემთვის კი არაფერი უთქვამთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოლიმპიადის გაუქმება უნდათ, აბა მისი ჩატარების აზრს ვერ ვხვდები საერთოდ,“ – აღნიშნა ანასტასია ჩხენკელმა.
მინისტრის ამგვარი გადაწყვეტილებით იმედგაცურებულია ქრისტინე ფურცხვანიძეც.
„ძალიან დამწყდა გული, ძალიან. შარშან ვიყავი ბაქსვუდში და წელსაც იმიტომ ვცდილობდი ოლიმპიადაზე გამარჯვებას რომ ვიცოდი, წინ ბაქსვუდი მელოდა. სტიმული მქონდა კარგად მეცადინეობისთვის. ახლა კი, სამწუხაროდ გავიგეთ, რომ არაფერიც არ იქნება. ამის შემდეგ იმედი მქონდა რომ ერთი კვირით სადღაც მაინც წავიდოდი, მაგრამ ჯერ არავის არაფერი უთქვამს,“ – აღნიშნა ქრისტინე ფურცხვანიძემ.
საგულისხმოა, რომ განათლების მინისტრი ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის სამკვირიანი არდადეგების გაუქმების გადაწყვეტილებას სწორედ ამ ერთკვირიანი საზაფხულო სკოლის შემოღებით ამართლებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ განცხადებების დროს ჯეჯელავა ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სულაც არ გულისხმობდა.
„სამკვირიანი ბანაკის ნაცვლად იქნება სამი ერთკვირიანი ბანაკი და ეს იქნება კარგი, სამჯერ მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება მონაწილეების რაოდენობის გაზრდის მიზნით მივიღეთ. ეს ერთი კვირაც საკმარისია ყველაფრისთვის. სამჯერ მეტი ბავშვი თუ მიიღებს ბანაკში მონაწილეობას, ვიდრე სამჯერ ნაკლები, ჩვენ გვეყოლება სამჯერ მეტი მოტივირებული ბავშვი“, – აცხადებდა მინისტრი.
„არ შეიძლება ამ ემოციის წართმევა ბატონო მინისტრო“ – მოსწავლეთა პეტიცია ალექსანდრე ჯეჯელავას
ჯეჯელავა ბაქსვუდის სკოლას ოლიმპიადის მონაწილეებში უარყოფითი განწყობების შექმნაში ადანაშაულებს
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება