“24 ათას პედაგოგს და ყველა სკოლის დირექტორს ძალიან ცხელი ზაფხული ელოდება”
ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინგლისური ენის პედაგოგებს სექტემბრიდან პროფესიული განვითარების კურსის გავლა მოუწევთ. პარალელურ რეჟიმში კი ყველა სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სკოლის ადმინისტრაციის წევრები მენეჯმენტის უნარებს განივითარებენ.
აღნიშნულ პროექტზე Aris.ge-განათლება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს ესაუბრა.
,,პროექტი სამწელიწადნახევარზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში 24 ათასი პედაგოგი და ყველა სკოლის ადმინისტრაცია უნდა გადავამზადოთ. ამ ეტაპზე არსებობს ზოგადი გეგმა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება თითოეული კურსი, ჯგუფში რამდენი პედაგოგი იქნება და მსგავსი დეტალები ჯერ გასაწერია. ყოველი წლის ბოლოს შემუშავდება მომავალი წლის გეგმა უკვე დადებული შედეგიდან გამომდინარე. ტრენერები იქნებიან ჩვენი ცენტრის ტრენერები. სწორედ ამ პროექტისთვის ვგეგმავთ ტრენერთა სკოლა შევქმნათ, ეს სკოლა მოამზადებს ტრენერებს და მეორეს მხრივ გაუწევს მონიტორინგს პროცესს. ეს პროექტი გვაძლევს ამ გეგმის განხორციელების საშუალებას. შემდეგ კი, სამომავლოდ, სხვა საგნების პედაგოგების გადამზადებისთვის გამოვიყენებთ. რეგიონში და თბილისში პროცესი ერთდროულად დაიწყება. არ გვინდა რომ სასწავლო პროცესებს მოსწყდნენ პედაგოგები და ამიტომ, მათი გადამზადება ადგილზე მოხდება. არ მოუწევთ თბილისში ან რეგიონულ ცენტრებში ჩამოსვლა,”-განაცხადა მაჩაბელმა.
რაც შეეხება კრედიტქულებს ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კრედიტქულები პედაგოგებს აღნიშნული აქტივობისთვის აუცილებლად მიენიჭებათ, თუმცა კონკრეტულად რამდენი, ჯერ განსაზღვრული არ არის.
,,უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი რომელიც კონკრეტულ აქტივობებს გაწერს, შეიმუშავებს მოდულებს და სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება რამდენ კრედიტს მივანიჭებთ პედაგოგებს ამ კურსის გავლისთვის”.
პედაგოგების გადამზადების პარალელურად დაიწყება ადმინისტრაციის წევრების გადამზადების პროცესი.
,,ადმინისტრაციის წევრებს ე.წ. ლიდერულ უნარებს განუვითარებთ, მათ უნდა შეეძლოთ პროცესის წარმართვა, შეეძლოთ პედაგოგების შეფასება და შეფასების ჯგუფების მართვა. ვვარაუდობთ, რომ პარალელურ რეჟიმში წარიმართება პროცესი, მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ მომზადდება მოდულები და ჩაივლის აპრობაცია. ახლა ტრენერების შერჩევა – მომზამდება დაიწყება; უშუალოდ პროცესი კი ზაფხულიდან. ანუ პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს ძალიან ცხელი ზაფხული ელოდებათ,”- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში მაჩაბელმა.
პროექტის განსახორციელებლად 14 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი და მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად განახორციელებს.
იხილეთ სიახლეები საჯარო და კერძო სკოლების შესახებ
ეკა არის© წივწივაძე
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება