GE

რომელ პედაგოგს რამდენით მოემატება ხელფასი აპრილიდან – თამარ სანიკიძე მასწავლებელთა ხელფასების ზრდის დეტალებზე

ხვალიდან პედაგოგების ხელფასები იზრდება. ამისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.  ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე.

სამ ეტაპიანი ზრდის მეორე ეტაპის ამოქმედება სწორედ 2016 წლის აპრილისათვის იგეგმებოდა. როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე Edu.aris.ge–სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, მინიმალური კვალიფიკაციის  მქონე პედაგოგების ანაზღაურება 405 ლარი გახდება,  კვალიფიკაციის  მატებასთან ერთად ხელფასი და დანამატიც იზრდება და მაქსიმუმ 1000 ლარამდე ადის.

Edu.aris.geსთან საუბრისას მინისტრი დაწვრილებით განმარტავს თუ როგორი იქნება მატება მასწავლებელთა სქემის თითოეულ საფეხურზე მყოფი პედაგოგისთვის და რა პრივილეგიებით ისარგებლებენ მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები მასწავლებლები.

თამარ სანიკიძე:  ამ საკთხის დეტალურად განხილვაა საჭირო, რათა სრული სურათი დაინახოს პირველ რიგში მასწავლებელმა და საზოგადოებამაც. მათ უნდა იცოდნენ თუ რას და რატომ ვაკეთებთ. ეს არაა უბრალოდ ხელფასების ზრდა, რომელიც წლიდან წლამდე, ან სემესტრიდან სემესტრამდე რაღაც პროცენტულობით იზრდება. ეს მიბმულია სქემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლები მიღწეული შედეგით გადადიან ამა თუ იმ სახელფასო დონეზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დეტალებში ჩასვლას ნამდვილად საჭიროებს.

ჩვენ საკმაოდ რთული სქემა გვაქვს, რადგან მასწავლებლები ერთმანეთისგან კვალიფიკაციით, განათლებითა და სტაჟით განსხვავდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კატეგორიის მასწავლებელზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომლებიც სქემის მიხედვით განაწილებულები არიან, ამ კატეგორიებში შიგნით კიდევ ბევრი სხვა დეტალია.

მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება, ათვლა საბაზო ხელფასიდან იწყება. საბაზო ხელფასი ის ძირია, რომლიდანაც განვსაზღვრავთ თუ რამდენი უნდა იყოს ამა თუ იმ კატეგორიის, სტაჟისა და განათლების მქონე მასწავლებლის საშუალო ხელფასი. შემდეგ უკვე მოდის ყველა ის დანამატი, რომელიც კატეგორიებთან და სკოლაში არსებულ სხვა დანამატებთანაა მიბული, როგორიცაა მაგალითად სადამრიგებლო დანამატი და ა.შ.

მოგეხსენებათ, ეს სქემის ფარგლებში სახელფასო ზრდის მეორე ეტაპია. როგორც საბაზო ხელფასის, ისე დანამატების. აპრილიდან საბაზო ხელფასი კიდევ 50 ლარით იზრდება და 405 ლარი გახდება. შესაბამისად, ეს იქნება ის სასტარტო პირობა, საიდანაც ანაზღაურების გამოანგარიშება დაიწყება.

–როგორც ვიცით, საბაზო ხელფასი საერთოა, დანამატი კი მასწავლებელს კატეგორიის მიხედვით ეკუთვნის. როგორ გამოითვლება ეს?

–ეს დანამატებიც ეტაპობრივად იზრდება. პრველი ეტაპი სექტემბერში იყო და მეორე ეტაპი აპრილშია. ხელფასის გამოთვლის კოეფიციენტი მასწავლებლის სტაჟი და განათლებაა. მაგალითად, ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელთაც აქვს ზოგადი სრული განათლება, ასევე მასწავლებლები, რომელსაც აქვს პროფესიული განათლება, ასევე ბაკალავრი მასწავლებელი, მაგისტრი მასწავლებელი და დოქტორი მასწავლებელი. თითოეული მათგანი შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელად, ისე უფროს მასწავლებლად, წამყვან მასწავლებლად და მენტორ მასწავლებლად. გააჩნია პროფესიული განვითარების რომელ ეტაპზე არიან ისინი.

–როგორ განსხვავდება მათი ხელფასები?

მინიმალური ხელფასის მქონედ განისაზღვრება ზოგადი სრული განათლების მქონე მასწავლებელი, რომელსაც 0-დან 5 წლამდე მუშაობის გამოცდილება აქვს და რომლის საბაზო ხელფასიც  აპრილიდან 405 ლარი გახდება. მისი პირველადი კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, რადგან მას უმაღლესი განათლება არ აქვს. ასეთი მასწავლებლები ბევრნი არ არიან, მაგრამ არიან და უნდა ვიცოდეთ თუ რამდენი აქვთ მათ ხელფასი. ისინი 2012 წელს საშუალოდ 240 ლარს იღებდნენ.  დღეს კი მათი  საშუალო ხლეფასი 405 ლარია. ანუ, თითქმის ორჯერ გაიზარდა.

ეს მასწავლებელები პირველ კაგტეგორიაში მოიაზრებიან?

–თ.ს:  ესაა მასწავლებელი, რომელსაც ზოგადი სრული განათლება აქვს და ამავდროულად პრაქტიკოსი მასწავლებელია. თუ ის უფროსი მასწავლებელია, ანუ სერტიფიცირება აქვს გავლილი, მაშინ მას ხელფასი არა 404 ლარი, არამედ 586 ლარი ექნება, რადგან მას კატეგორიის დანამატიც ეკუთვნის.

პროფესიული განათლების მქონე მასწავლებლის ხელფასი სქემის ამოქმედებამდე 269 ლარი იყო, აპრილიდან კი 451 ლარი ექნება. თუ ეს მასწავლებელი სერტიფიცირებულიცაა, მაშინ მისი ხელფასი არა 451, არამედ 632 ლარი გამოდის.

ძალიან საინტერესოა ბაკალავრი და მაგისტრი მასწავლებლების მაგალითი, რადგან მასწავლებელთა მთელ კონტიგენტს თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი მაგისტრი მასწავლებელი გვყავს, რომელთაც 5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილება აქვთ. ანუ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებელთა 50 %-ზე მეტს 2012 წლამდე 326 ლარი ჰქონდა ხელფასი, აპრილიდან  კი მისი ხელფასი, თუკი პრაქტიკოსია 546 ლარი გახდება, ხოლო თუ უფროსი მასწავლებელია – 726 ლარი. ასეთი სოლიდურია განსხვავება.

დოქტორ მასწავლებლებს რაც შეეხება, მათი ხზელფასი 353 ლარი იყო. თუკი დღეს იგი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 591 ლარი ექნება, ხოლო თუ სერტიფიცირებულიცააა, მაშინ 770 ლარი.

წამყვან მასწავლებლებზეც გეტყვით – დღეის მდგომარეობით წამყვანი მასწავლებლები მხოლოდ ისინი არიან, ვისაც დოქტორის ხარისხი აქვს. მათი ხელფასი 1 აპრილიდან 863 ლარი იქნება.

ჩემს მიერ ჩამოთვლილი კატეგორიები მხოლოდ საშუალო ხელფასია, რომელშიც კატეგორიის დანამატის გარდა  სხვა დანამატები არ შედის. ჩვენ თუ გავიხსენებთ საშუალოდ რა დანამტები ეძლევათ მასწავლებლებს, ვნახავთ, რომ მაგალითად  მაგისტრი პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომლის საშუალო ხელფასიც აპრილდან 546 ლარი იქნება, დანამატებით  უკვე 612 ლარზე ადის. თუკი ის ამავდროულად სერტიფიცირებულიცაა, მისი საშუალო ხელფასი დანამატებითურთ 814 ლარია. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 326 ლარიდან მაგისტრი მასწავლებელი მინიმუმ 612 და მაქსიმუმ 818 ლარზე ავიდა, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ამიტომ, როცა მასწავლებლის ანაზღაურებაზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, რადგან მათთან მიმართებაში საკმაოდ რანჟირებული სურათი გვაქვს.

აქვე შეგვიძლია ეს სურათი განვაზოგადოთ კიდეც, ეს დეტალები გამოვრიცხოთ და საშუალო სურათი დავინახოთ – 2012 წელს ყველა კატეგორიის მასწავლებლისათვის  საშუალო ხელფასი 337 ლარი იყო, აპრილიდან კი თუ დანამატებსაც გავითვალისინებთ, მასწავლებელთა უმრავლესობას საშუალოდ ხელფასი 643 ლარი ექნება. არადა ეს თანხა აპრილამდე 500-550 ლარს შეადგენდა. ანუ, ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით საშუალოდ 100 ლარით იმატებს. 2013 წელთან შედარებით კი 70 %-იანი ზრდა გვაქვს.

ამაში მე არ ვგულისხმობ იმ 1000 ლარიან მასწავლებლებს, რომლებიც სულ 341 გვყავს. ესენი ჩემ მიერ მოყვანილ კალკულაცაში არ მოიაზრებიან. მათი რაოდენობა მცირეა და მთელ ამ 45 ათას მასწავლებელში ამინდს ვერ ქმნიან.

–როგორც ვიცით, პედაგოგთა სახელფასო ზრდის მესამე ეტაპი 2017 წლის პირველი იანვრიდან იწყება. როგორი იქნება ის?

–2017 წლის პირველ იანვარს კიდევ იქნება მატება, მაგრამ ეს მატება უკვე საბაზო ხელფასს კი არა კატეგორიულ დანამატებს შეეხება. შედეგად, მაგისტრი ან ბაკალავრი მასწავლების საშუალო ხელფასი, რომელსაც შესაბამისი სამუშაო გამოცდილებაც აქვს, 800-900 ლარი გახდება.

ეს აბსოლუტურად ნორმალურია იმ პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით. გასაგებია,რომ მასწავლებელი მეტს იმსახურებს და გვინდა უფრო მეტი ჰქონდეს, მაგრამ 300-350 ლარიდან 2-3 წელიწადში 800-900 ლარზე ავედით. თანაც, აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ოდენობის ხელფასი ექნება არა ერთეულებს, არამედ მასწავლებელთა 80 %-ს.

–მეორე ეტაპისათვის, აპრლის მატებისათვის ბიუჯეტიდან რამდენი ლარია გმოყოფილი?

–70 მილიონი. 2016 წლის ბიუჯეტში დამატებით, ვაუჩერული დაფინანსებით ეს თანხა გამოიყო, რათა სახელფასო  ზრდა განგვეხორციელებინა.

რაც შეეხება მთის კანონს და ამ კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებს?

–7 მილიონი ლარი ცალკეა გამოყოფილი იმისათვის, რომ მთის კანონი აღვასრულოთ, რაც მაღალმთიან სოფლებსა და რაიონებში მცხოვრები მასწავლებლების  35 %-იან სახელფასო დანამატს გულისხმობს.

ანუ, მაღალმთიან რაიონებში პედაგოგებს რამდენი აქვთ ანაზღაურება და რამდენი გაუხდებათ?

–საშუალო ხელფასს გეტყვით –  2016 წლის  აპრილიდან 865 ლარზე ავდივართ. საბაზო ხელფასზე მათ 35 %-იანი ნამატი ექნებათ. უფრო კარგად რომ აგიხსნათ, აპრილიდან საბაზო ხელფასი 546 ლარია და თავისთავად, აქედან ათვლილი კოეფიციენტებიც სხვა მასწავვლებლებზე  ბევრად უფრო მაღალი ქნება.

შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების სამეტაპიანი ზრდის პირველი ეტაპი 2015 წლის სექტემბერში განხორციელდა და საბაზისო ხელფასი 17 %-ით გაიზარდა. მესამე ეტაპი კი 2017 წლის იანვრიდან იწყება.

ამავე თემაზე:

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა

გამარტივებული პორტფოლიო და გაზრდილი ხელფასი – სიახლეები პედაგოგებისთვის

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თაკო არის© მათეშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი