GE

ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი თბილისის მერიამ დაამტკიცა და 24 თებერვლიდან ძალაშია.

თუ შინაური ცხოველი გყავთ, გაიგეთ მეპატრონის ახალი ვალდებულებების შესახებ და ისწავლეთ მათი მოვლა კანონის შესაბამისად:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა იხილეთ დანართში.

ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მეპატრონის ვალდებულებები:

1. ცხოველის მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

2. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად. კერძოდ:

ა) ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გ) ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;

დ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა,სათანადო ფიზიკური აქტივობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

ე) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;

ვ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;

ზ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ი) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

კ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

ლ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის 24 საათის განმავლობაში შეტყობინება ;

მ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

ნ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ო) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

პ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია, ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

5. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ცხოველი ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის ჩაბარებამდე, მეპატრონე ან მისი წარმომადგენილი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით.

6. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მარეგისტრირებელი ორგანოს ინფორმირება, თავისი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ან ცხოველის რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

7. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მარეგისტრირებელი ორგანოს ინფორმირება, საკუთრებაში არსებული ცხოველის ნაყარის და მისი გასხვისების თითოეული ფაქტის შესახებ, ნაყარის შემდგომი რეგისტრაციის წინაპირობების შექმნისა და ამ წესის სხვა მიზნების უზრუნველსაყოფად.

8. აკრძალულია ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა.

9. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

10. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი. ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში ობიექტის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი.

11. დასაშვებია ცხოველის ლეშის:

ა) დამარხვა, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე;

ბ) კრემაცია;

გ) მოთავსება ბიოთერმულ ორმოში.

12. ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით ან ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის ასისტენტი ძაღლების მეპატრონეებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან ერთად დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა).

14. ცხოველის დაავადების შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ამ წესის პირობებით დადგენილი ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/კრემაცია/მოთავსება ბიოთერმულ ორმოში;

ბ) ცხოველის მეპატრონის მოთხოვნის და მკურნალობის საფასურის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, ცხოველის შესაბამისი მკურნალობა.

15. ცხოველის კვლევის, მკურნალობის, ევთანაზიის და დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის მეპატრონე.

16. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის მეპატრონის მიმართვის შემთხვევაში, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესის სათანადოდ და სრულად ჩატარების და მკურნალობის პროცესში ადამიანებისა და სხვა ცხოველებისათვის საშიში დაავადების გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გატარების ვალდებულება, კომპეტენციის ფარგლებში აკისრია როგორც ცხოველის მეპატრონს, ისე შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას.

18. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ცხოველის მეპატრონეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

19. ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ასევე ევთანაზიის თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის ყოველი ფაქტის შესახებ, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირება.

20. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხოველის მეპატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვეტერინარულ დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური