GE

500 ლარი მენტორი მასწავლებლებისთვის და 1000-ლარიანი ჯილდო გრანტის მქონე აბიტურიენტებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

პედაგოგი, რომელიც საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ან კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად, მენტორი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდოს სახით 500 ლარს მიიღებს.

ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწოდებულ წესში ვკითხულობთ, რომელიც უკვე ძალაშია და პედაგოგებს ლაგოდეხის მერმა მიმდინარე თვეში პირადად გააცნო:

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოქმედი ან ყოფილი – საქართველოს დამსახურებული ან მენტორი მასწავლებელის ფულადი ჯილდო განისაზღვროს, 2022 წლის შემდგომ პერიოდში ტიტულის მოპოვებისთვის, მხოლოდ ერთხელ – 500 ლარის ოდენობით”.

გარდა ამისა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულია როგორც წარმატებული აბიტურიენტების, ისე სტუდენტების ფინანსური წახალისებაც.

დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

  • ოქროს მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 600 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით;
  • ვერცხლის მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 500 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით;
  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 400 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით;

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც, სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 300 ლარის ოდენობით.

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, რომლებიც აგროვებენ ორივე სემესტრში, ყველა საგანში 91 დან –100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91-დან ზემოთ ქულას, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 1000 ლარით.

საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ამავე დროს ცხოვრობენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთჯერადი ფულადი წახალისება განისაზღვრება – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დაინტერესებულმა პირმა ჯილდოს მიღების მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს.

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური