GE

500 ლარი ოქროსმედალოსანი სკოლის კურსდამთავრებულისთვის – ახალგორის საკრებულომ წახალისების წესი დაამტკიცა

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა – ოქროსმედალოსანთა წახალისების წესი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც კურსდამთავრებულები 500 ლარის ოდენობით თანხას ერთჯერადად მიირებენ.

როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში წერია, აღნიშნული წესი ითვალისწინებს იმ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის ან მოსწავლეების ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით წახალისებას, რომელმაც აიღო სრული ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატი.

ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულმა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატის ასლი;
  • ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული კანონით დადგენილი წესით.

“იმ შემთხვევაში, თუ წასახალისებელი პირი არასრულწლოვანია, განმცხადებელი/მშობელი/ან კანონიერი წარმომადგენელი/გამგეობაში თავის სახელზე დამატებით წარმოადგენს პირადობის მოწმობის ასლს, წასახალისებელი პირის დაბადების მოწმობის ასლს, მშობლის ან წარმომადგენლის საბანკო ანგარიშს”, – ვკითხულობთ საკრებულოს დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური