„918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით“ – სახალხო დამცველი თბილისის მერიას მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულმა კულტურის და სპორტის დაწესებულებებმა პედაგოგებთან/მწვრთნელებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები დაუყოვნებლივ უნდა მოიყვანონ საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში.
აღნიშნულის თაობაზე 2024 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით უკვე მიმართა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ ხელოვნების სკოლაში დასაქმებულმა მუსიკის პედაგოგმა და განმარტა, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა კონკრეტულ დაწესებულებაში, წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა ანაზღაურებადი შვებულების უფლებით. საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კულტურისა და სპორტის ობიექტებში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობით.
“33 ხელოვნების სკოლიდან 29 მათგანში, ერთ ხელოვნების კოლეჯში და ექვსი სპორტული დაწესებულებიდან 2 ობიექტზე დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს (აქედან ქალი დასაქმებული 780, მამაკაცი: 138) ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება იდება 10 თვის ვადით. უმეტეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ამგვარი შრომითი ურთიერთობა ბოლო 15 წელია რაც არსებობს (ზოგიერთ შემთხვევაში 20 წელზე მეტი). ამასთან, სპორტულმა დაწესებულებებმა მიუთითეს, რომ ვინაიდან მწვრთნელების ანაზღაურება ბენეფიციარების რაოდენობაზეა დამოკიდებული, დასაქმებულთა ინტერესში არ შედის შვებულებით სარგებლობა და ისინი შვებულებით (ანაზღაურების გარეშე) მაშინ სარგებლობენ, როდესაც დაწესებულება არ ფუნქციონირებს (ყოველი წლის აგვისტოს თვეში)”, – წერია ომბუდსმენის დინადადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი არ არსებობს.
დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ლევან იოსელიანის წინადადება თბილისის მერიისადმი ასეთია: “შეიტანოთ ცვლილებები პედაგოგებთან/მწვრთნელებთან გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებების იმ პუნქტებში, რომლის თანახმად შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 წელზე ნაკლებია და დასაქმებულთა შრომითი უფლების აღდგენის მიზნით, შრომითი ხელშეკრულებები შესაბამისობაში მოიყვანოთ საქართველოს ორგანულ კანონთან – შრომის კოდექსთან”.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE