GE

როდის და როგორ წყვეტს გამოცდების ცენტრი ტესტის რომელი ვარიანტი უნდა გამოცხადდეს რთულად – NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

განსხვავდებოდა თუ არა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვადასხვა ვარიანტის ტესტები ერთმანეთისგან სირთულით, რატომ ხდება ასე და როდის ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ტესტის რომელი ვარიანტი იყო რთული, რის საფუძველზეც აბიტურიენტების ნაწილის შეფასება განსხვავებული, მიღებულზე მაღალია?

ამ საკითხებზე NAEC-ის დირექტორმა პირდაპირ ეთერში, 21 ივლისს ისაუბრა.

თამარ მემანიშვილი ამბობს, რომ ეს არის თემა, რომელიც ყოველ წელს საზოგადოების განხილვის საგანი ხდება.

“აქ ჩვენ გვაქვს საუბარი იმ შემთხვევაზე, როდესაც თითოეულ საგანში გვიწევს რამდენიმე სესიის ჩატარება, გამომდინარე იქიდან, რომ მას ირჩევს ბევრი გამოსაცდელი პირი. თითოეულ სესიაზე, რა თქმა უნდა, ტესტი იდენტური არ არის და არ მეორდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, გვქონდეს მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში დილის სესია და შუადღის სესია, ტესტი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.

ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც ტესტი განსხვავებულია სესიების მიხედვით, ანუ გვაქვს სხვადასხვა ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენი საგნობრივი დეპარტამენტები, მიხედავად იმისა, რომ ტესტის სტრუქტურა აბსოლუტურად იდენტურია ყველა ვარიანტის შემთხვევაში, ამოცანების ტიპი იდენტურია, სირთულის ნაწილს რაც შეეხება, აბსოლუტურად ერთი და იგივე სირთულის ტესტის შექმნა წარმოუდგენელია, შეუძლებელია. მაგალითად, ამოცანის შემთხვევაში ფორმულირება რომ შეიცვალოს, ეს უკვე იწვევს სირთულეს”, – განაცხადა თამარ მემანიშვილმა.

NAEC-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სხვადასხვა ვარიანტის ტესტში სხვადასხვა ამოცანის შეტანა არ ნიშნავს რთულ ამოცანას. ხოლო აბიტურიენტებისთვის აქტუალურ კითხვას, მაშ რის მიხედვით დგინდება და რაზეა დამოკიდებული რომელი ვარიანტი იყო ყველაზე რთული, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

“ხშირად, აბიტურიენტები შეცდომაში შედიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ცენტრმა წინასწარ იცის და წინასწარ გვაქვს სახელი დარქმეული, რომ მაგალითად, დილის სესიის ტესტი მარტივია, ან რთულია, ეს ასე არ არის. ტესტის სირთულეს განსაზღვრავს თავად აბიტურიენტის მაჩვენებელი, ანუ აბიტურიენტის გამოცდის შედეგი. ზოგიერთი დავალება აბიტურიენტების ნაწილისთვის შესაძლებელია, აღმოჩნდეს რთული და მას გაუჭირდეს მაგალითად მაღალი ქულების მიღება, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით, შესაძლებელია ძალიან მარტივად დაძლიონ ტესტური დავალებები.

იმისთვის, რომ თანასწოროპის პრინციპი დაცული იყოს, ამიტომაც ხდება ქულათა გათანაბრება, ეს არის არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. ამიტომაც იყენებს ცენტრი იმ მექანიზმს, რომ შეაფასოს აბიტურიენტების ნამუშევრები, განსაზღვროს, რომელი დავალება წარმოადგენდა აბიტურიენტისთვის სირთულეს და გადაწყვეტილება, ქულათა გათანაბრების შემთხვევაში სამართლიანობისა და თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღოს”.

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ საგანში ტესტის სხვადასხვა ვარიანტები რამდენიმე საგანში იყო: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური, მათემატიკა, ისტორია. სწორედ ამ საგნებს შეეხება ქულების გათანაბრების პრინციპი.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური