GE

ინგლისურში ეროვნული გამოცდის წინ საკითხავი – „თქვენი ნაშრომი მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებს თუ…“

ავტორი: ლევან სამადაშვილი, ანგლისტი, მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

ეროვნული საგამოცდო ტესტი ორიენტირებულია B1 დონეზე. ეს ნიშნავს, რომ გამსწორებლები არც ელიან ზედმეტად აკადემიურ ან არაბუნებრივად რთულ კონსტრუქციებს თქვენს ნაწერში.

გრამატიკა და ლექსიკა კონტექსტში: ტესტში ენა არ მოწმდება იზოლირებულად (მაგ. წესების მშრალი ცოდნით). აბიტურიენტმა უნდა აჩვენოს, როგორ ფუნქციონირებს სიტყვა ან გრამატიკული ფორმა კონკრეტულ კონტექსტში.

სიტუაციური კომუნიკაცია (დიალოგის დავალება): აქ მოწმდება ე.წ. ფუნქციური ენა (Functional Language). მოსწავლემ უნდა დაიჭიროს არა მხოლოდ სიტყვების მნიშვნელობა, არამედ დიალოგის ლოგიკური ბმა, რეპლიკების ტონი და არსებული კონტექსტი.

წერითი დავალების (ესეს) ფარული კრიტერიუმები:

მე-7 დავალება ყველაზე მაღალქულიანია (16 ქულა) და მას ორი დამოუკიდებელი გამსწორებელი აფასებს.

მითი სტრუქტურის შესახებ: ბევრი მიიჩნევს, რომ აბზაცების რაოდენობა ან შესავალ-დასკვნის მკაცრი ფორმატი ქულას წყვეტს. რეალურად, შეფასებისას ყურადღება არ ექცევა თხზულების სტრუქტურას (აბზაცების რაოდენობას, შესავალსა თუ დასკვნას). მთავარია ენობრივი მხარე და აზრის გადმოცემის უნარი.

ნაწერი ფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით.

Fluency | რამდენად ლოგიკურად და თანმიმდევრულად გადადის აზრი ერთი წინადადებიდან მეორეზე, არის თუ არა გამოყენებული მაკავშირებლები.

Accuracy | ლექსიკური და გრამატიკული სიზუსტე. მაღალი ქულისთვის (7-8 ქულა თითოეულ კრიტერიუმში) გრამატიკული შეცდომების რაოდენობა 2-ს არ უნდა აღმატებოდეს, ხოლო ლექსიკა მდიდარი უნდა იყოს.

დაზუთხული შაბლონების საფრთხე: წინასწარ დაზეპირებული გრძელი ფრაზები ხშირად ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ ნაწერში არ ჩანს აბიტურიენტის პირადი, დამოუკიდებელი მოსაზრება, ნაშრომი მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებს.

მოცულობის ოქროს შუალედი: ლიმიტი მკაცრად განსაზღვრულია – მაქსიმუმ 170 სიტყვა. აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ, რომ დამხმარე სიტყვები (არტიკლები, წინდებულები) ცალკე სიტყვად ითვლება. 110 სიტყვაზე ნაკლები ნაწერი ავტომატურად დაბალ ქულას იღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ შეცდომები.

სტრატეგიული მიდგომა მოსმენისა და კითხვის დავალებებთან

მოსმენის ფსიქოლოგიური ბარიერი: მოსმენისას აბიტურიენტებს ხშირად ემართებათ პანიკა, როდესაც უცნობ სიტყვას აწყდებიან. მთავარი მეთოდური მითითებაა: მიჰყევით ჩანაწერის ტემპს და ფოკუსირდით მხოლოდ იმ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რასაც შეკითხვა ითხოვს. ერთ საკითხზე დიდხანს შეჩერება მთლიანი ტემპიდან ამოვარდნას იწვევს.

კითხვის დავალებები (დამაბნეველი ვარიანტები): არჩევითპასუხებიან დავალებებში ოთხივე ვარიანტიდან რამდენიმე შეიძლება შეიცავდეს ტექსტიდან ამოღებულ ნაცნობ სიტყვებს. აბიტურიენტმა უნდა ეძებოს არა სიტყვა-სიტყვითი დამთხვევა, არამედ შინაარსობრივი სინონიმები და პერიფრაზები.

ტექსტის ზოგადი აღქმა (Skimming & Scanning): კითხვის დავალებებზე მუშაობისას ნუ დაიწყებთ ტექსტის სიტყვა-სიტყვით თარგმნას. პირველ ეტაპზე თვალი გადაავლეთ ტექსტს საერთო შინაარსის დასაჭერად (Skimming), ხოლო კითხვების გაცნობის შემდეგ მოძებნეთ კონკრეტული საკვანძო სიტყვები, თარიღები ან ფაქტები (Scanning).

ლოგიკური კავშირების ძიება: ტესტის ნებისმიერ ნაწილში (იქნება ეს დიალოგის შევსება, გამოტოვებული სიტყვების ჩასმა თუ თხზულება) უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კავშირებსა და მაკავშირებელ სიტყვებს (however, therefore, furthermore, although). ისინი მიგვანიშნებენ წინადადებებს შორის არსებულ ლოგიკურ მიმართებაზე (დაპირისპირება, მიზეზ-შედეგობრიობა, დამატება).

“გამორიცხვის მეთოდის” გამოყენება: არჩევითპასუხებიან დავალებებში, თუ სწორ ვარიანტში ეჭვი გეპარებათ, დაიწყეთ აშკარად არასწორი, აბსურდული ან კონტექსტიდან ამოვარდნილი პასუხების გამორიცხვით. ეს საგრძნობლად ზრდის სწორი არჩევანის გაკეთების შანსს.

საკუთარი ნაშრომის რედაქტირება:

საკუთარი ნაწერის გადამოწმება წარმატების ნახევარია. თხზულების დასრულების შემდეგ აუცილებლად დაიტოვეთ საკმარისი დრეო მის გადასაკითხად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ გავრცელებულ შეცდომებს, როგორებიცაა: მესამე პირში დაბოლოება -s (მაგ. he likes), არტიკლების მართებულობა და წინადადების სტრუქტურა.

ფსიქოლოგიური მზაობა და საგამოცდო დღის მენეჯმენტი

ემოციური სტაბილიზაცია: გამოცდაზე შესვლისას ბუნებრივია მცირე მღელვარება, თუმცა გახსოვდეთ, რომ ტესტი შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და მასში არ შეგხვდებათ ისეთი გრამატიკული კონსტრუქცია, რომელიც სკოლის პროგრამას სცილდება. თავდაჯერება თქვენი მთავარი მოკავშირეა.

ენერგიის რაციონალური გადანაწილება: გამოცდის მსვლელობისას არ დაუშვათ გონებრივი გადაღლა. თუ გრძნობთ, რომ ერთ კონკრეტულ სავარჯიშოზე „გაიჭედეთ“ და აზრებს თავს ვეღარ უყრით, გადადით შემდეგ დავალებაზე. ტვინი ქვეცნობიერად
გააგრძელებს წინა საკითხზე მუშაობას და მას მოგვიანებით უფრო მარტივად დაუბრუნდებით.

საგამოცდო რუტინის დაცვა: გამოცდის წინა დღეს ორგანიზმს სრული დასვენება სჭირდება. მოერიდეთ ღამის გათენებას ან გვიანობამდე მეცადინეობას. საგამოცდო ცენტრში გამოცხადდით ინსტრუქციაში მითითებულ დროზე ადრე, რათა ზედმეტი აჩქარებით გამოწვეული სტრესი აირიდოთ თავიდან.

წარმატებას გისურვებთ, მეტი საინტერესო რჩევისა თუ მითითების მისაღებად აუცილებლად ყოველდღიურად შეამოწმე ჩემი გვერდი გამოცდამდე: Learn English with Levan – ისწავლე ინგლისური ლევანთან ერთად.

ასევე იხილეთ:

როგორ ავიღოთ 16/16 ინგლისური ენის გამოცდის ესეში – „ოქროს“ რეკომენდაციები სპეციალისტისგან

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური