GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად 40 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად 40 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მოთხოვნით, უმაღლესმა სასწავლებელმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

არსებული სტატისტიკით უნივერსიტეტში 400-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი უკვე სწავლობს, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებაა მზადაა დამატებით 200-ე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღოს. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება კონკურენციას და ქუთაისში ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას, ამის შესახებ შესყიდვების დოკუმენტაციაში ბუნებრივია საუბარი არ არის. განაცხადში აღნიშნულია, რომ უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში მოზიდვა განსაკუთებით მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის და განათლების პოპულარიზაციისთვის იქნება.

„მოგეხსენებათ, რომ უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში მოზიდვა არის მომსახურების ექსპორტის განსაკუთრებული სახე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირების თვალსაზრისით. სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 400-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი. უნივერსიტეტი გეგმავს მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზაციისათვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის სრულყოფას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესზე. სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ეტაპზე 2020-2021 სასწავლო წლისათვის მზადაა, განახორციელოს მომსახურების შესყიდვა 200-ზე მეტი უცხოელი სტუდენტის მოსაზიდად და უზრუნველყოს მათთვის სწავლების მაღალი ხარისხი. დღის წესრიგში დადგა უცხო ქვეყნებში იმ პროვაიდერებთან თუ სააგენტოებთან თანამშრომლობის საკითხი, რომლებიც ეწევიან უცხოელი სტუდენტების ჩამოყვანას და ამასთანავე, (პარალელურად) ამ კუთხით პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს,“- ნათქვამია შესყიდვების დოკუმენტაციაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც სტუდენტების შემოყვანაზე მუშაობენ, აქტიურად თანამშრომლობენ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებზეც არ ვრცელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები, რაც მათი აზრით არათანაბარ პირობებში აყენებს სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებებს და ნაკლები რაოდენობის სტუდენტები ხვდებიან მათ უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

იმ შემთხვევაში თუ წერეთლის უნივერსიტეტი შესყიდვის უფლებას მოიპოვებს, სტუდენტების შემომყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მომსახურების მიღება 2020 წლის განმავლობაში 2020-2021 სასწავლო წლისთვის განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 40 ათასი ლარი იქნება. აღნიშნულ თანხას დაწესებულება საკუთარი სახსრებიდან გაიღებს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური