GE

„ამ სკოლაში სწავლა მოსწავლეებს დენის დარტყმის საფრთხის ქვეშ უწევთ!“-სატრანსფორმატორო ჯიხური სკოლის ეზოში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მცხოვრებლები, სკოლის ეზოდან სატრანსფორმატორო ჯიხურის გადატანას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ჯიხური მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან მასთან მიახლოება მოსწავლეებს ბარიერების გარეშე შეუძლიათ. ჯიხური სკოლის შენობასთან ძალიან ახლოს დგას და არ არის შემოსაზღვრული.

„წლებია ამ სკოლას ეს პრობლემა აქვს. ელექტროენერგიის ჯიხური ვერ გაიტანეს ეზოდან. მოვითხოვ, რომ სასწრაფოდ მოხდეს ჯიხურის დემონტაჟი მოსწავლეების უსაფრთხოების გამო. ძალიან მეშინია და ამის გამო, ხშირად მოვდივარ სკოლაში, რომ ჩემს შვილებს ყურადღება მივაქციო. ამ სკოლაში სწავლა მოსწავლეებს დენის დარტყმის საფრთხის ქვეშ უწევთ“, – ამბობს ლია წიწიკაშვილი.

მოსახლეობა სკოლის ეზოდან ელექტროენერგიის ბოძების გატანასაც ითხოვს.  ადგილობრივების თქმით, სატრანსფორმატორო ჯიხურის მსგავსად, მოსწავლეებს საფრთხეს ეს ბოძებიც უქმნიან.

„როგორ შეიძლება სკოლის ეზოში იდგეს ეს ბოძები. აქ დენი გადის და დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ. უნდა მოაშორონ სკოლას ეს ჯიხურიც და ბოძებიც“, – ამბობენ სოფელში.

როგორც დირექტორი ამბობს, სკოლაში არსებული ვითარების შესახებ არაერთხელ აცნობა განათლების სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას.  მარინა ტაბატაძის განმარტებით, პრობლემის მოგვარების პირობა გორის მერისგან მიიღო და იმედოვნებს, რომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები მალე გადაიდგმება.

„ეს პრობლემა მრავალჯერ დავაყენეთ განათლების სამინისტროში და ადგილობრივ მერიაში. კოტე თავზარაშვილი შეგვპირდა, რომ წელს ეს პრობლემა მოუგვარდება სკოლას“, – განაცხადა ყელქცეულის სკოლის დირექტორმა მარინა ტაბატაძემ.

ყელქცეულის საჯარო სკოლაში არსებული პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გორის მერი აცხადებს, რომ საკითხი შესაბამის უწყებებთან დააყენეს და რეაგირებას ელოდებიან. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

„ჩვენ დაყენებული გვაქვს საკითხი შესაბამის უწყებებთან და ველოდებით რეაგირებას. დაუშვებელია სკოლის მახლობლად სატრანსფორმატორო ჯიხურის არსებობა“, – განაცხადა გორის მერმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში იმედი აქვთ, რომ პრობლემა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვარდება და მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური