GE

„…ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე“ – განათლების სამინისტრო მოსწავლისადმი ბულინგის საქმეზე ადმინისტრაციის შესაძლო გადაცდომის ფაქტებსაც იკვლევს

იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლისადმი სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ შედგენილი მუქარის წერილი სოციალურ ქსელში დღეს, 30 სექტემბერს გავრცელდა.

ბულინგისა და შანტაჟის შემცველი წერილი და ბასრი საგანი მოსწავლეს ჩანთაში ჩაუდეს, რითაც მას აიძულებდნენ, თვითდაზიანებები მიეყენებინა.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში დაიწყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის 150-ე – იძულების მუხლით, ასევე, გავრცელდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება, სადაც ვკითხულობთ:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს.

საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში”.

ჟურნალისტებთან დეტალები გაიხსენა მუქარის მსხვერპლი გოგონას დედამ, რომელიც ამბობს, რომ მომხდარზე სკოლის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო:

“ეს ფაქტი სადღაც 1 წლის წინ დაიწყო, სკოლაში რომ გადმოვიდა ჩემი შვილი, მაგრამ მძაფრი რეაქცია არ მქონია – ჩავთვალე, რომ იყო ბავშვური, გოგოების მიმართ გაურკვევლობა და მოგვარდებოდა… 10 დღის წინ ძველი წყენა გაუხსენეს ჩემს შვილს, სახლში რომ მოვედი, პატარა შვილმა მითხრა, რომ საქმის გასარჩევად გაიყვანეს.

ჩანთას რომ ალაგებდა, სკოლაში როცა უნდა წასულიყო, უნახავს ფურცელი იმ ტექსტით, რაც ყველამ იცით. მასწავლებლების შეცოდების გამო ბავშვმა საღამომდე დამიმალა ეს ფაქტი… საღამოს სამზარეულოში გაფითრებული მეუბნება ცრემლიანი თვალებით – „დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე“ და მაწვდის ფურცელს”, – განაცხადა მოსწავლის მშობელმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური