„არ არის რეკომენდებული ბავშვები გავგზავნოთ სოფლად, ნათესავებთან“ – ჯანმოს რეკომენდაციები და ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
როგორი ფორმით უნდა ვესაუბროთ ბავშვს კორონავირუსის საფრთხეების შესახებ და რა რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიის პერიოდში ინფიცირებულ ბავშვებთან ურთიერთობის თაობაზე. ამ თემებზე ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს ისაუბრა.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ფაქტობრივად უხილავ მტერთან ბრძოლის პერიოდში, მნიშვნელოვანია მოზარდები მზრუნველებთან (მშობლებთან, ოჯახის წევრებთან) ახლოს იმყოფებოდნენ და დაცულობის შეგრძნება ჰქონდეთ.
„ჩვენ, ფაქტობრივად, გვიწევს შებრძოლება თვალით უხილავ ვირუსთან, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის ჩვენზე ბევრად ძლიერი, არის ჩვენი კონტროლის მიღმა და ფაქტობრივად არაპროგნოზირებადი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პირველი რეკომენდაცია ბავშვებთან დაკავშირებით არის ის, რომ ასეთ სტრესულ სიტუციაში არ დავტოვოთ ბავშვები თავიანთი ძირითადი მზრუნველების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განუსაზღვრელია რა იქნება ხვალ, ანუ როდესაც ჩვენ ვართ გაურკვევლობის, სტრესის სიტუაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გვერდზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მისი უსაფრთხოების ბაზისს წარმოადგენენ. არ არის რეკომენდებული ბავშვები გავგზავნოთ სოფლად, ნათესავებთან და ა.შ. მეორე, თუკი ბავშვს უშუალოდ თვითონ შეეყრება კორონავირუსი, რა თქმა უნდა, მოხდება მისი დისტანცირება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, არის ასეთი რეკომენდაცია, რომ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა თავის მშობლებთან კომუნიკაციის, აქ იგულისხმება ონლაინ კომუნიკაცია, ან ტელეფონით კავშირი, ეს ისეთივე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, როგორც ვირუსისგან გათავისუფლება“, – ამბობს მაია ცირამუა.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვნია, რომ ჩვენ ძალიან ზუსტად და ცხადად ავუხსნათ ბავშვებს რა არის კორონავირუსი. ამისთვის კი, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, უამრავი შესაძლებლობა არსებობს და ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია სახალისო დ საინტერესო გახდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ შიში კი არ გაჩნდეს, არამედ ინფორმაცია მიიღოს ბავშვმა და ძალიან ხშირად მშობლები იყენებენ დავუშვათ ნახატს. ვიცით ეს ვირუსი, ვირტუალურ სივრცეში ძალიან გავრცელებულია მისი ვიზუალური მხარეები. შეგვიძლია დავუხატოთ, მოვუყვეთ სად გაჩნდა, როგორ გაჩნდა რა რისკებთან და საფრთხეებთან არის დაკავშირებული. არამც და არამც არ არის რეკომენდებლი ბავშვის დაშინება. ჩვენ, მშობლები, ხშირად ვიყენებთ ხოლმე ამ სტრატეგიას იმისათვის, რომ ბავშვები ფრთხილად იყვნენ, ან უშუალოდ ფაქტის მინიმიზირებას ვაკეთებთ, რაც ასევე საკმაოდ გავრცელებულია, როდესაც ჩვენ უარვყოფთ ამ მოვლენის მასშტაბს და ვამბობთ, რომ არაფერი ისეთი არ არის, ეს მე არ დამემართება. ეს დამოკიდებულება არ ეხმარება არც ბავშვს და არც ზრდასრულს როგორც კი ჩვენ თვალს ვუსწორებთ შექმნილ ვითარებას, უკვე ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი სხეული იწყებს მობილიზებას და შებრძოლებას ამ პრობლემასთან. ამიტომ უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია, იმისთვის რომ მათ იცოდნენ რასთან გვაქვს საქმე. დიახ, ჩვენ საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აქვე ვუთხრათ, რომ ძალიან ბევრი კონტროლის და დაცვის მექანიზმი გაგვაჩნია, რაც ჩვენც და ბავშვსაც გვეხმარება, ასეთ კონტროლირებადი სტრესის ვითარებაში. ის რომ ჩვენ ხელებს ვიბანთ, დისტანციას ვინარჩუნებთ ადამიანებთან, ვასუფთავებთ საცხოვრებელ სივრცეებს და ა.შ. ეს არის ქცევები, რომელიც ჩვენ გვაძლევს კონტროლის საშუალებებს, ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვები თავად ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – ამბობს ფსიქოლოგი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE