არასრულწლოვანის დასაქმების შემთხვევაში მას განათლების უფლება არ უნდა შეეზღუდოს – მინისტრის ბრძანება
18 წლამდე ასაკის პირებისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას ხელს ჯანდაცვის მინისტრი აწერს.
ბრძანების დანართი, გარდა იმისა რომ განსაზღვრავს მძიმე სამუშაოების ჩამონათვალს, ასევე ადგენს რეკომენდაციებს და განსაზღვრავს დამსაქმებლის მოვალეობებს, არასრულწლოვნის შრომასთან, სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესთან და სწავლებასთან დაკავშირებით.
ბრძანების თანახმად, არასრულწლოვნისთვის მავნე სამუშაოდ ითვლება საწარმოო გარემო ან სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვ.) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და საფრთხე შეუქმნას შთამომავლობის ჯანმრთელობას. საშიშპირობებიან სამუშაოდ ითვლება საწარმოო გარემო ან სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი, ხოლ არასრულწლოვნისათვის მსუბუქი სამუშაო ნიშნავს ყველანაირ სამუშაოს გარდა წარმოებაში მუშაობისა, რომელიც დავალებების ხასიათის და პირობების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან განვითარებას, არ შეაფერხებს მათ განათლებას, სკოლაში დასწრებას, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული პროფესიული მომზადების ანდა სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს არასრულწლოვანი ისეთ სამუშაოზე, რომელიც, მისი შესრულების ხასიათიდან გამომდინარე ან გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება იყოს მძიმე, მავნე ან საშიშიპირობებიანი და უზღუდავდეს არასრულწლოვანს განათლების მიღების შესაძლებლობას, ან საზიანო იყოს მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური ან სოციალური განვითარებისათვის.
ასევე აკრძალულია არასრულწლოვნების დასაქმება ღამის სამუშაოზე (22:00 საათიდან 6:00 საათამდე).
„არასრულწლოვნის სამუშაოზე მიღებისას დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ა) მგრძნობელობა ქიმიური და ბიოლოგიური აგენტების, კანცეროგენების და ენდოკრინული სისტემის დამაზიანებლებისადმი;
ბ) მოწყვლადობა ნებისმიერი უშუალო და არაპირდაპირი იძულების მიმართ;
გ) გაუფრთხილებელი მოქმედების ალბათობა გამოუცდელობის გამო;
დ) ყოველდღიურ საქმიანობასთან შეგუების რთულად ადაპტირების უნარი;
ე) საშიშროების/საფრთხის სწორად აღქმის უნარი;
ვ) დანადგარების, ხელსაწყოების, მოწყობილობების და დამცავი საშუალებების დიზაინის შესაბამისობა არასრულწლოვანთა ასაკთან;
ზ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის სწორად გაგებისა და აღქმის უნარი;
თ) მუშაობის გავლენა ორგანიზმზე, როდესაც ადამიანის ძვლოვანი სტრუქტურები ჩამოყალიბების პროცესშია;
ი) სამუშაო გარემოს ერგონომიკა ჯანსაღი და უსაფრთხო ფიზიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;
კ) სქესობრივი მომწიფების ასაკში ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და სხვა სახის თავისებურება;
ლ) საკუთარი შრომის უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
მ) საწარმოს ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლო დაბალი უნარი“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
18 წლამდე ასაკის პირისთვის (არასრულწლოვანი) აკრძალული სამუშაოების ჩამონათვალი იხ. ბრძანებაში.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება