GE

ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი

2025 წლის 2 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სასკოლო საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.

დასახელდა 8 გამოწვევა და მათი დაძლევის განათლების სამინისტროს თვალით დანახული გზები.

EDU.ARIS.GE გიზიარებთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცის დოკუმენტს:

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ.

2024 წელს, ზუსტად 20 წლის შემდეგ, განახლდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი. ის ასახავს იმ ღირებულებებსა და საკვანძო პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს განათლების სისტემის განვითარება. აღნიშნული მიზნების თანახმად, სკოლამ, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყაროს გამოწვევებს.

8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს:

  • ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და გადაცემის უზრუნველყოფას;
  • სახელმწიფო ენის, კულტურისა და ისტორიის ღრმა ცოდნასა და პატივისცემას;
  • კულტურული მრავალფეროვნების აღქმას, პატივისცემასა და ინტეგრაციის უნარს გლობალური სივრცის პირობებში;
  • სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც გათავისებული აქვს როგორც უფლებები, ისე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე;
  • საკვანძო კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას, რაც გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციას, პრობლემის გადაჭრის უნარსა და შემოქმედებითობას;
  • მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობას – ემოციური ინტელექტის, თანამშრომლობის უნარისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განმტკიცებას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის სწორი ხედვისა და გეგმის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანია მართებულად განისაზღვროს თითოეული გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლება:

1. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. საქართველოში ზოგადმა განათლებამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მრავალი სტრუქტურული ცვლილება განიცადა – დაემატა ახალი საგნები, ინოვაციური მოდულები, ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და სხვა. თუმცა, განათლების მთავარი მისია – სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე და აქტიური მოქალაქის აღზრდა – გამოწვევად დარჩა. სწავლა-აღზრდის ერთიანი პროცესი, პრაქტიკულად, აღარ ითვალისწინებს აღმზრდელობით კომპონენტს. გადატვირთული სასწავლო გეგმების, საათობრივი წნეხისა და აკადემიური შეფასების დომინირების ფონზე, სკოლას აღარ რჩება რესურსი ბავშვის პიროვნული, ღირებულებითი და სამოქალაქო განვითარების უზრუნველსაყოფად.

დღეს გამოწვევად რჩება სასწავლო შინაარსების არათანაბარი გადანაწილება, ჭარბი აკადემიური დატვირთვა, ნაკლები ინტერაქცია და პრაქტიკული გამოცდილება. სკოლის საბაზო საფეხური ყოველთვის ვერ ფუნქციონირებს როგორც ფუნდამენტური გარემო, სადაც მოსწავლე იღებს აუცილებელ ცოდნასა და ზოგად უნარებს. ვერ ხდება მოსწავლის პროფესიული ორიენტაცია, შესაბამისად, მოსწავლეს უჭირს საშუალო საფეხურზე საკუთარი ინტერესებისა და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, რაც ხელს უშლის სკოლის მხრიდან მისი პროფესიული ან აკადემიური არჩევანის მხარდაჭერას.

მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში

2. სასწავლო რესურსები. თავისუფალმა საბაზრო მექანიზმებმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზო ცოდნას, განუვითარებს სისტემური აზროვნებისა და ღრმა გაგების უნარს. დღეს სახელმძღვანელოთა ნაწილი მოსწავლეს მხოლოდ ფრაგმენტულად აწვდის სასწავლო მასალას. სასწავლო რესურსები მოკლებულია შინაარსობრივ მთლიანობასა და სისტემურ თანმიმდევრობას, რაც ვლინდება საფეხურებსა და საგნებს შორის სუსტი კავშირებით და ინტეგრაციის დაბალი ხარისხით. სახელმძღვანელოები უმეტესწილად ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს. ამასთან, ერთსა და იმავე კლასში, ერთსა და იმავე საგანში გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთიან მიდგომას და ვერც სწავლის საერთო ხარისხს.

3. სასკოლო ცხოვრება. თანამედროვე სკოლაში სასწავლო პროცესი უმეტესწილად ორიენტირებულია სასწავლო გეგმის შესრულებაზე, საათობრივ ნორმებსა და შეფასების პროცედურებზე. მიუხედავად ცალკეული ინიციატივებისა, სასკოლო ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, ვერ სცდება კლასის სივრცეს და სრულყოფილად ვერ პასუხობს ბავშვის ინტერესებს, შემოქმედებით პოტენციალსა და სოციალური უნარების განვითარებას. შედეგად, განსაკუთრებით მაღალ საფეხურებზე, მოსწავლეთა მოტივაცია იკლებს, სწავლა აღიქმება როგორც ვალდებულება და არა პიროვნული თვითშეცნობის პროცესი. ამასთანავე, მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლის გარეთ ეძებს თვითრეალიზაციის სივრცეს. ეს მომსახურება ხშირად ფინანსურად და გეოგრაფიულად არ არის ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის, რაც ზრდის სოციალურ უთანასწორობას.

4. კავშირი განათლების საფეხურებს შორის. ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევაა ურთიერთკავშირის ნაკლებობა განათლების სხვადასხვა საფეხურს – სკოლამდელ აღზრდასა და სკოლას, სკოლასა და პროფესიულ თუ უმაღლეს განათლებას შორის. ეს ქმნის ფრაგმენტულ სისტემას, სადაც განათლება აღარ არის უწყვეტი პროცესი.

ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს სკოლამდელ და დაწყებით საფეხურებს შორის უწყვეტობის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების პროცესი იწყება სკოლის ეტაპამდე და მოითხოვს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა თუ სასკოლო მზაობის დიაგნოსტირებას, პრაქტიკაში ეს მიდგომა ხშირად ვერ ხორციელდება. დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სკოლაში სწავლას იწყებენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ საკმარისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მომწიფება, ყურადღების კონცენტრაციის შესაბამისი უნარი ან სასწავლო პროცესისთვის საჭირო თვითდისციპლინა. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ართულებს სწავლა-სწავლების პროცესს, აფერხებს მოსწავლის ადაპტაციას სკოლაში, აქვეითებს მოსწავლის თვითშეფასებას და ზრდის სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებების ფორმირებას.

საბაზო განათლება ისევ 9-წლიანი ხდება – განათლების მინისტრმა სასკოლო საფეხურები წარმოადგინა

სასკოლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება საშუალო საფეხურზე, სადაც მოსწავლე უნდა ემზადებოდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მისაღებად. სწორედ ამ ეტაპზე მოსწავლის მხრიდან სპონტანურად გადაწყვეტილების მიღების პრობლემა წარმოიქმნება. დამამთავრებელ კლასებში სწავლების პროცესი ხშირად კარგავს სკოლასთან კავშირს. გამოწვევაა ეროვნული გამოცდებისა და სასკოლო პროგრამების თანხვედრა, რის გამოც მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლის მიღმა იწყებს ცოდნის მიღებას.

ამასთანავე, სკოლა ვერ სთავაზობს მოსწავლეს პროფესიული განათლების მხარდამჭერ მექანიზმებს: არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროფორიენტაციის სისტემა, კარიერის დაგეგმვის სერვისები, ინდივიდუალური კონსულტაციები ან პროფესიული პრაქტიკის გამოცდილება.

5. მასწავლებელთა კვალიფიკაცია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემა, მიუხედავად მისი მასშტაბურობისა, ბოლომდე ვერ პასუხობს რეალურ საჭიროებებს. მასწავლებელთა რესურსის თვალსაზრისით, ქვეყანაში შეიმჩნევა საკადრო სიჭარბე გარკვეული დისციპლინების მიმართულებით, მაშინ როდესაც ზოგიერთ დისციპლინაზე ხშირად კადრების დეფიციტია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არსებული პროგრამები და გადამზადების მექანიზმები ხშირად ვერ პასუხობს ვერც მასწავლებლის და ვერც სკოლის საჭიროებას. საგნობრივი გადამზადებები, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მექანიზმები უმეტესწილად მორგებულია მოკლევადიან საჭიროებებზე და არ არის ორიენტირებული გრძელვადიან პროგნოზებსა და შრომის ბაზრის ანალიტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი საგნების დანერგვასა და ამ მიმართულებით მასწავლებლების გადამზადებას, მაშინ, როდესაც შედარებით ნაკლები სისტემური მხარდაჭერა აქვს ფუნდამენტურ საგნებს – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას.

„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება

6. სასწავლო გარემო. ბოლო წლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული ასობით პროექტის მიუხედავად, სწავლისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დიდ ქალაქებში სკოლები ხშირად გადატვირთულია მოსწავლეებით. სოფლებსა და მცირე დასახლებებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული რესურსი კლებულობს დემოგრაფიული შემცირების, მოსახლეობის ურბანულ ცენტრებში გადინების პარალელურად. ამასთანავე, სისტემაში მწვავედ დგას სპორტული ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კვების ობიექტების, კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებისა და ადაპტირებული გარემოს დეფიციტი, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხზე, ისე მოსწავლეთა კეთილდღეობასა და მასწავლებელთა სამუშაო გარემოზე. ეს, თავის მხრივ აფერხებს სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას და ვერ ქმნის იმ სივრცეს, რომელიც სრულყოფილად შეუწყობს ხელს ბავშვის აკადემიურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებას.

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის არსებობის მიუხედავად, კვლავაც სახეზეა ბულინგის პრევენციისა და მოსწავლეთა შესაბამისი ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესების საჭიროება.

7. სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა. ინკლუზიური სწავლების კონცეფციის დანერგვამ, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლების გაჩენამ, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გაზარდა განათლების ხელმისაწვდომობა. თუმცა, განათლების სისტემამ ვერ უზრუნველყო საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტთა მოზიდვა და ეფექტიანი განაწილება, რაც აუცილებელია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ქცევისა და მეტყველების თერაპევტები და სხვა სპეციალისტები, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ამასთანავე, პროფესიული მხარდაჭერის, სუპერვიზიისა და კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმები ფრაგმენტულია და საჭიროებს სისტემატიზაციას.

„პირველ კლასში ჩარიცხვა მისამართის მიხედვით“ – რეგისტრაციის პროცესს ახალი ეტაპი ემატება

8. მართვისა და დაფინანსების სისტემა. სკოლების მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომლებიც ამ ეტაპზე სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ რაიონულ დონეზე სკოლების პროფესიულ მხარდაჭერას და საჭიროებენ ინსტიტუციურ გაძლიერებას.

დღევანდელი სასკოლო დაფინანსების სისტემა არსებითად ეფუძნება ერთ პრინციპს – სკოლები ვაუჩერულ დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. თეორიულად, ეს უზრუნველყოფს სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, თუმცა, პრაქტიკაში სრულფასოვნად არ ასახავს საჯარო სკოლის რეალურ საჭიროებებს. შედეგად, სკოლების ნაწილი ფუნქციონირებს მინიმალური რესურსებით და ვერ ახერხებს მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებას, მათ შორის, არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის განსახორციელებლად განისაზღვრა შემდეგი კონკრეტული ამოცანები:

1. ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი. ზოგადი განათლების შინაარსის განვითარების პროცესში სასწავლო პროგრამების რეფორმის ერთერთი უმთავრესი მიმართულება იქნება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, ვინაიდან ისინი ასრულებენ ძირეულ როლს ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სახელმწიფო ენის სწავლება გახდება არა მხოლოდ ლინგვისტური უნარების, არამედ კულტურული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განმტკიცების მექანიზმი. საკვანძო მიმართულება ასევე იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის – სწავლების გაძლიერება.

სკოლის დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მოსწავლეებში ჩამოყალიბდება კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების საფუძვლები. სკოლის საბაზო საფეხურზე (I-IX კლასები) სწორად გადანაწილდება სასწავლო პროგრამის შინაარსი და ჭარბი აკადემიური დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქტიური სწავლითა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებით, რაც სრულად უზრუნველყოფს 9-წლიან პერიოდში ფუნდამენტური კომპეტენციების განვითარებას. სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან.

სასწავლო შინაარსი სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნულ გამოცდებთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, მე-11 კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-11 კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს. ამასთან, მე-12 კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. მე-12 კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი.

2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება

2. სისტემური და განახლებადი რესურსები. განხორციელდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც გულისხმობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან სახელმძღვანელოების შემუშავებას, იმ პრინციპით, რომ უზრუნველყოფდეს ცოდნის სიღრმეს, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის – გარანტირებულად გაზრდის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს სწავლის საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე მიღწეული შედეგების შედარებითობას.

ვინაიდან ცოდნის მოცულობა და ტექნოლოგიები დინამიკურად იცვლება, სასწავლო პროცესი უფრო მეტად შეიძენს ინტერაქტიურ, შემოქმედებით და მრავალმხრივ კომუნიკაციურ ხასიათს. გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბეჭდური სახელმძღვანელო, არამედ ვიდეო რესურსები, ციფრული სიმულაციები, კვლევითი ამოცანები, მონაცემთა რეალური ანალიზი, ვირტუალური პლატფორმები და სხვა თანამედროვე შესაძლებლობები.

3. მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა. არაფორმალური განათლება ინტეგრირდება არა დამატებით, არამედ სასკოლო ცხოვრების ორგანულ ნაწილად. მოსწავლის ინტერესების, შემოქმედებითი უნარების, სოციალური პასუხისმგებლობისა და პიროვნული თვითგამოხატვის განვითარების უზრუნველსაყოფად, სკოლებში სისტემურად წახალისდება და მხარდაჭერილი იქნება სასკოლო კლუბები, მათ შორის ღირებულებითი განათლების მიმართულება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სკოლის მიღმა არსებული სპორტული და შემოქმედებითი მომსახურებების კონცენტრირებას სკოლის შიგნით, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს. აქცენტი გაკეთდება სასკოლო ბანაკების, თემატური შეკრებებისა და პროექტების სისტემურ განვითარებაზე, რაც მოემსახურება კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, ემპათიისა და ისტორიული თვითშეგნების გაღრმავებას.

4. განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა. გადაიხედება სასკოლო მზაობის კურიკულუმი, რომელიც უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვის განვითარების იმ მინიმალურ კომპეტენციებსა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია სასკოლო პროცესში ჩართვისთვის. ამასთანავე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით, სკოლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი.

ცვლილება იქნება 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. 2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება.

ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება

სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე უზრუნველყოფილი იქნება ისეთი გარემო, სადაც მოსწავლე მიიღებს სისტემურ ცოდნას და შეძლებს პროფესიული თუ აკადემიური მიმართულებით თვითგამორკვევას. სკოლებში შეიქმნება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის მართვის სისტემა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენაში. სკოლაში გაფართოვდება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები და დამატებით შეთავაზებული იქნება მოკლევადიანი პროფესიული მომზადების კურსები.

5. პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. კვალიფიციური პედაგოგიური კადრების სისტემაში მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, შეიქმნება სისტემური, პროგნოზირებადი და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც საფუძვლად დაედება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. პედაგოგიური მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აკადემიურ სივრცეში.

სისტემური მოდელი გულისხმობს როგორც ახალი კადრების მომზადებას, ასევე რეგიონული და საგნობრივი დისბალანსების დაძლევას. სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი დაეფუძნება დემოგრაფიისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

მასწავლებელს ექნება კარიერული წინსვლის მკაფიო ხედვა, რომელიც დაეფუძნება საგნობრივ ექსპერტიზას, კვლევით საქმიანობას და კოლეგიალურ მხარდაჭერას. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი მექანიზმები შემუშავდება მასწავლებლის, სკოლისა და განათლების სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება იქნება მზარდი.

6. თანამედროვე სასწავლო გარემო. ინფრასტრუქტურული პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი სკოლების მშენებლობით ან რეაბილიტაციით. მნიშვნელოვანია სკოლის სივრცეების გონივრული და მოქნილი ათვისება. სასკოლო ინფრასტრუქტურა განვითარდება მრავალმხრივი მიდგომით, რომელიც მოიცავს როგორც მასშტაბურ მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ისე რესურსების მიზნობრივ გადანაწილებას. გაგრძელდება სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანმიმდევრული, წლიურად დაგეგმილი პოლიტიკის განხორციელება. სკოლებში ჩამოყალიბდება საბაზისო თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტი, რომელიც მოიცავს: სრულად აღჭურვილ ლაბორატორიებს, გამართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკებს, კვების ობიექტებს, არაფორმალური განათლებისთვის კეთილმოწყობილ სივრცეებს, სრულად ადაპტირებულ გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საკლასო ოთახების აღჭურვაზე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინტერაქტიური, მრავალფეროვანი რესურსებით.

სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა.

უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ბულინგის პრევენციის მიზნით, რეგულარულად განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად, აგრეთვე, მასწავლებლებს მეტი ინტენსივობით ჩაუტარდებათ შესაბამისი გადამზადება ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და კონკრეტულ სიტუაციებში სათანადო რეაგირებისთვის. გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა, რაც შესაძლებელს გახდის, ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სერვისით.

7. ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. ინკლუზიური განათლება გახდება პედაგოგიური სტანდარტი, რისთვისაც განხორციელდება სპეციალისტთა მომზადების ინსტიტუციონალიზაცია. ინკლუზიური განათლება ჩამოყალიბდება არა როგორც პარალელური მიმართულება, არამედ როგორც პედაგოგიკის განუყოფელი ნაწილი. ინკლუზიური მიდგომებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების კომპეტენცია ექნება არა მხოლოდ სპეციალურ პედაგოგს, არამედ თითოეულ მასწავლებელს, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს, რომელთაც აქვთ ბავშვის განვითარების ინდივიდუალური საჭიროებების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობა.

2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება. სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნების განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას.

8. მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმი. სკოლის გაზრდილ ავტონომიას უკავშირდება ანგარიშვალდებულებისა და მხარდაჭერის სისტემის მდგრადობა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი მიენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებას. რესურსცენტრი ჩამოყალიბდება როგორც პროფესიული მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს უზრუნველყოფს კონსულტაციით, მენტორობითა და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტით.

სკოლების მართვის პროცესში აქცენტი გაკეთდება სასკოლო საზოგადოების – განსაკუთრებით კი მშობელთა როლის გაძლიერებაზე. თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან მეტი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2026 წლიდან დაიგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც უზრუნველყოფს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას.

სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და გახდება საჭიროებებსა და განვითარებაზე ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია.

ასევე იხილეთ:

8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური