GE

რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გარკვეულ სქემასთან უნდა იყოს დაკავშირებული და ეს სქემა შესამუშავებელია.

პირდაპირ ეთერში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, იგეგმება თუ არა მასწავლებელთა ანაზღაურების გადახედვა ან ზრდა, მიქანაძემ ასე უპასუხა: „აუცილებლად ზრდა“.

„გასულ წელს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა პედაგოგების ხელფასებთან მიმართებით, ეს იყო, დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა და პედაგოგები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ 2026 წლის საბიუჯეტო მოცემულობაში შემდგომი ზრდა ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, თუმცა კონცეფციის პრეზენტაციის დროს, რა თქმა უნდა, მე გავაჟღერე და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ზრდა გარკვეულ სქემასთან უნდა იყოს დაკავშირებული და ეს ზრდა უნდა ხორციელდებოდეს. ეს სქემა შესამუშავებელია. ჩვენ სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ კონკრეტული ხედვა ჩამოვაყალიბოთ, შემდეგი წლების მიხედვით როგორ მოხდება სახელფასო ზრდა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს იმ საქმიანობას და იმ მართლაც უდიდეს გმირობას, რასაც პედაგოგები აკეთებენ“, – განაცხადა მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, მასწავლებლები ეწევიან ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს, პატრიოტულ საქმიანობას.

ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი

„მინდა, ყველა მასწავლებელს ძალიან დიდი პატივისცემა და მადლიერება დავუფიქსირო, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ეწევიან ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს, პატრიოტულ საქმეს, ჩვენს შვილებს, ამ ქვეყნის მომავალ თაობას, ღირსეულ თაობას ზრდიან და ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაც არის, მათ კეთილდღეობას, განვითარებას, ჯანსაღ პირობებში, გარემოში საქმიანობის შესაძლებლობას და ამავდროულად, სოციალურ მხარდაჭერას ყველანაირად შევუწყოთ ხელი. ამიტომ, სწორედ მათი საუკეთესო ინტერესებიდან და ამავდროულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ხედვის ფარგლებში უნდა მოვძებნოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც ორივე კომპონენტის გათვალისწინებით, გარკვეული წინსვლის საშუალებას მოგვცემს შემდეგი წლების ფორმატში“, – განაცხადა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ:

8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური