GE

ატესტატის აღების მსურველთა ნაწილისთვის საფასური გაიზარდა – როდიდან შეძლებთ დოკუმენტის აღებას

საზღვარგარეთის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასურთან ერთად, საქართველოში გადასახადი ატესტატის აღების მსურველთა ნაწილისთვისაც გაზარდა.

როგორც 24 მაისს EDU.ARIS.GE-ს თბილისის იუსტიციის სახლში განუცხადეს, 1-ელი მაისიდან სხვადასხვა სერვისებზე მომსახურეობის საფასურმა მოიმატა და მათ შორისაა ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის საფასურიც.

„1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მომსახურეობის მისაღებად ახალი საგადასახადო ტარიფები ამოქმედდა. ისინი, ვინც პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღებას გეგმავენ, 10 დღის ვადაში არ გადაიხდიან თანხას, თუმცა თუ დაჩქარებული მომსახურების მიღება სურთ, უწევთ შეცვლილი ტარიფით სარგებლობა. საგადასახადო ცვლილებები ეხებათ მათაც, ვისაც სურს დოკუმენტის მიღება, ე.წ დუბლიკატის სახით“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს თბილისის იუსტიციის სახლში 25 მაისს.

ატესტატზე გასულ წლებში არსებულ საფასურებთან მიმართებაში, ფასები 5-10 ლარით არის მომატებული. როგორც იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა გვითხრა, ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სახლის საიტზე 1 მაისიდან განახლდა და მოქალაქეებისთვის საჯაროა. ამისთვის უნდა ესტუმროთ იუსტიციის სახლის ვებგვერდს.

რაც შეეხება საკითხს, როდის შეძლებს ატესტატის მოთხოვნას ის კურსდამთავრებული, რომელმაც წელს დაამთავრა სკოლა, როგორც იუსტიციის სახლში და ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში EDU.ARIS.GE-ს უპასუხეს, კანონით განსაზღვრულია 20 ივნისი და წელს ამ თარიღის ცვლილებას არ ელოდებიან.

შესაბამისად, იუსტიციის სახლი განმარტავს, რომ დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს შესაბამისი სასწავლო წლის 20 ივნისიდან საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წლის ბოლომდე (31 დეკემბრის ჩათვლით). ხოლო თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.

მომსახურების ვადა და ახალი საფასურები ასეთია:

პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა.

20 ივნისამდე პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურია:

  • განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს – უფასო;
  • განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს – 45 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს – 65 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს 85 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს – 95 ლარი;

მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისის შემდეგ პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:

  • განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს – უფასო;
  • განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს – 25 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს – 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს – 55 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს – 65 ლარი.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური:

  • თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტი გაიცემა: განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში და მომსახურების საფასურია – 40 ლარი;

თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:

  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს – 75 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს – 95 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს 120 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში – 130 ლარი;

ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
  • თუ დაინტერესებულმა პირმა პირველადი ატესტატის მიღების შემდეგ შეიცვალა სახელი ან გვარი;
  • თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.

„თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას ატესტატის გაცემის შესახებ, ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი), ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 40 ლარი“, – განმარტავს თბილისის იუსტიციის სახლი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური