აუდიტის დასკვნა საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოებაზე და არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მზარდი სტატისტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიში 2016, 2017 და 2018 წლებს მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახური არ თანამშრომლობს სათანადოდ სხვა სახელმწიფო უწყებებთან მონაცემების დამუშავების კუთხით. მაგალითად, არ არის შესწავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის მონაცემები არასრულწლოვანთა ინციდენტების შესახებ.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2016 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელდა განრიდების 1, 531 შემთხვევა, ხოლო დევნა დაწყებულია 1,671 შემთხვევაზე. მოცემული დარღვევების 69% მოდის ქურდობაზე. დანაშაულის სტატისტიკა მზარდია წლების მიხედვით. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მანდატურის სამსახურს ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს ის არასრულწლოვნები, რომლებიც ამავდროულად სკოლის მოსწავლეები არიან და გაითვალისწინოს დაფიქსირებული შემთხვევების სახეობები და სტატისტიკა სკოლებში მანდატურების განაწილებისას“, – აღნიშნულია მანდატურის ანგარიშში.
დასკვნაში მოყვანილია სხვა უწყებებიდან მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებიც. როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, 2016-2018 წლების სრული და 2019 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, სკოლებში დაფიქსირებულია სულ 800,396 დარღვევის შემთხვევა, რომლის 72%-ს შეადგენს მოსწავლის დაგვიანება. სკოლაში მომხდარი მძიმე დარღვევის ტიპის/სახეობის მიხედვით, 2016 წელს დაფიქსირდა 5,361 დარღვევის შემთხვევა; 2017 წელს − 5,926, 2018 წელს − 6,533, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით − 5,263 დარღვევა.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რიცხვმა 2016-2018 წლებში შეადგინა 553, მათგან 141-ს − აღეკვეთა თავისუფლება. აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი მზარდია“, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
ა.წ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE