GE

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული მუშაკების პროფესიული გადამზადებისთვის 120 000 ლარს დახარჯვას

ახალგაზრდობის სააგენტო სატრენინგო მომსახურებისთვის 120 000 ლარის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გეგმავს. სამთავრობო სსიპ ახალგაზრდული მუშაკების მომზადებისთვის კონკრეტული ორგანიზაციის დაქირავებას აპირებს, რომელმაც შესაბამისი კურსის განხორციელების უფლება, განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრისგან მიმდინარე თვეში მოიპოვა.

შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი წერს, რომ რეფორმის ფარგლებში ქვეყანაში ახალგაზრდული მუშაკის პროფესია უნდა ჩამოყალიბდეს, რისთვისაც აუცილებელია მოსამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება.

„შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის საბაზო სასწავლო კურსის“ შესყიდვა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციისგან“. მოგახსენებთ, რომ სამწლიანი რეფორმის ფარგლებში სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ მიზნად ისახავს ახალგაზრდობის სფეროს ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესაბამისად, რომლის ერთ-ერთ მთავარ ღერძს წარმოადგენს ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაცია. რეფორმა ითვალისწინებს ახალგაზრდული მუშაკის აღიარებულ პროფესიად ჩამოყალიბებას საქართველოში, პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ გადამზადებას და ხარისხზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობის არეალის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ზემოაღნიშნული რეფორმის წარმატებით გასატარებლად აუცილებელია, ახალგაზრდული მუშაკის მოსამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიმწოდებელი პრაქტიკოსების (ახალგაზრდული მუშაკების) გადამზადებას, ახალგაზრდული საქმიანობისა და ახალგაზრდული მუშაკის საბაზო კომპეტენციების შესაბამისობაში მოყვანას ევროპულ სტანდარტებთან და ამით ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ახალგაზრდულ მუშაკად კვალიფიცირდებიან პირები, რომლებიც არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობენ ახალგაზრდებთან, მათი კომპეტენციების ამაღლებისა და განვითარების, სოციალური ინტეგრაციის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვისა და სწავლიდან დასაქმების ბაზარზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო განათლების სისტემის ფარგლებში ავტორიზებულ პირველ და ერთადერთ სასწავლო კურსს, რომელსაც აქვს პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების გადამზადების სახელმწიფოსგან მინიჭებული უფლება და რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პროფესიული გადამზადების მეხუთე დონის სერტიფიკატი“, – ნათქვამია წერილში.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, სასერტიფიკაციო კურსი „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციამ“ უნდა განახორციელოს, რადგან ქვეყანაში ის ერთდერთი ორგანიზაციაა, რომელსაც მსგავსი სერვისის მიწოდება შეუძლია, აღნიშნულმა ორგანიზაციამ განათლების ხარისხის მართვის ცენტრისგან შესაბამისი ნებართვა 2020 წლის 3 აგვისტოს მიიღო.

სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2020 წლის 05 აგვისტოს #MES 6 20 0000666074 გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციას“ მიენიჭა „ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის საბაზო სასწავლო კურსის“ განხორციელების უფლება. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის“ 2020 წლის 03 აგვისტოს #0820-001 წერილისა და სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ 2020 წლის 06 აგვისტოს #MES 6 20 0000670286 საპასუხო წერილის თანახმად, საქართველოში მოქმედ სხვა დაწესებულებას, გარდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციისა“, აღნიშნული კურსის ან მასთან შინაარსობრივად მიახლოებული კურსის განხორციელების უფლება არ გააჩნია“,- ვკითხულობთ შესყიდვების დოკუმენტაციაში.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა სამ ძირითად ეტაპს მოიცავს. „პირველი და მეორე ფაზა განხორციელდება 2020 წლის დასრულებამდე (ღირებულება შეადგენს 90 000.00 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარს), ხოლო მესამე ფაზა განხორციელდება 2021 წლის I-II კვარტალში (ღირებულება შეადგენს 30 000.00 (ოცდაათი ათასი) ლარს). ამასთან, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მომსახურების მრავალწლიან შესყიდვასთან დაკავშირებით გაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანხმობა“, – წერს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი შესყიდვების სააგენტოს დირექტორისთვის გაგზავნილ წერილში.

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს მთავრობამ ზუსტად ერთი წლის წინ დააფუძნა, იმ პერიოდში, კანონპროექტის განხილვის დროს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით გაძლიერდებოდა მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ახალგაზრდების მიმართ. საპარლამენტო უმცირესობა კი ამ ცვლილებებში პოლიტიკურ მიზნებს ხედავდა, მათი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მსგავს თემებს ხელისუფლება ყველა დროში საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად იყენებდა.

რევაზ ჩარკვიანი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებამდე 2019 წელს ახალგაზრდობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის კონსულტანტი იყო. 2012 წლიდან ის არის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ პროფესორი, კითხულობს ლექციებს სტრატეგიული ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით ბიზნეს სკოლა “ESM”-ში. ის გახლდათ სარეკლამო სააგენტო „სარკეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი (2009 წლის ბოლომდე). 2018 წლის გაზაფხულზე კლუბებში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ გამართული ხალხმრავალი აქციების დროს რევაზ ჩარკვიანი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქვეყანაში არსებული საპოლიციო სისტემის მიმართ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური