GE

„ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფისთვის ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაწილი გახდება.

„მოგეხსენებათ, რომ უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო [სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ავტ.]. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად და, რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტრო ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს, ამას იმსახურებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური