GE

„აზრის თავისუფლად დაფიქსირებისთვის დამიწუნეს“ – განათლების ხარისხის ცენტრს სასამართლოში უჩივლეს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სასამართლოში უჩივის დავით ლიპარტელიანი, რომელიც ამბობს, რომ საკონკურსო კომისიამ მისი კანდიდატურა კონკრეტულ თანამდებობაზე აზრის თავისუფლად დაფიქსირების გამო არ მიიღო. ის აღნიშნულის დასტურად კომისიის დასკვნიდან ამონარიდსაც აქვეყნებს:

“2019 წლის თებერვალში ვმონაწილეობდი ხარისხის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის კონკურსში.

ვინც მიცნობთ, კი გეცოდინებათ, რომ 2012-2013 წლებში ვმუშაობდი ამავე ცენტრში მონიტორინგის სამსახურში. 2014-2015 წლებში კი – განათლების სამინისტროში ზოგადი განათლების პოლიტიკის და პროგრამების სამმართველოს უფროსად. 2016 წლიდან კი, ისევ ხარისხის ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტად.

2019 წლის ექსპერტთა შერჩევის კონკურსის შედეგად ექსპერტად აყვანაზე უარი მივიღე. შეიძლება ვინმემ იფიქროს – რა მოხდა მერე, კონკურსია და ბევრი ადამიანი მიიღებდა უარსო, მაგრამ როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში, როცა უკან გაქვს მოტოვებული საბჭოთა კავშირის ეპოქა და ამაყობ, რომ შენ ქვეყანაში დაცულია აზრის გამოხატვის თავისუფლება (რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა) უარის მიზეზად იღებ ყოვლად სამარცხვინო დასაბუთებას.

როცა განათლების სისტემა ფსკერზეა დასული, ხოლო ამის მიზეზი არაკომპეტენტურ ჩინოვნიკებთან ერთად განათლების სფეროში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან განათლების სამინისტროს არასწორი პილიტიკის „გაპრავებაა“ მოდაში, ასეთი შედეგი დგება.

ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ იმ ცენტრთან მიწევს სამართლებრივი დავა, რომელიც ძალიან მიყვარს. გულდასაწყვეტია, როცა ის ადამიანები გდევნიან, რომლებთან ერთად წლები გაქვს ნამუშევარი და ერთ დროს პატიცისცემით ეპყრობოდი, მაგრამ როგორც კი ძალაუფლება იგრძნეს, საკუთარი სკამის დასაცავად და ფულის მოსახვეჭად, თავისუფალი აზრის დევნა დაიწყეს. რადგან არაერთი მცდელობისა, შეხვედრებისა და ახსნისა, რომ შეცდომას უშვებენ და ასე განათლების სისტემა ვერ განვითარედება, შედეგი განთლების ხარისხზე ზრუნვის ნაცვლად, საბჭოური მეთოდებით განსხვავებული აზრის დევნაა იძულებული ხდები სიმართლისთვის ბრძოლა სასამართლოს გზით დაიწყო და ხელი შეუშალო განათლების სისტემის სრულ ჩამოქცევას.

ადამიანი იკითხავს, რა კრიტიკული მოსაზრება ჩათვალა ცენტრმა მიუღებლად? რა ჩამითვალა ,,სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენებად“? პასუხი ერთია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ 2018 წლის ზაფხულში მიღებულ შეზღუდვებთან (რომლის შედეგად ასობით სტუდენტს შეეზღუდა კარგ უნივერსიტეტში სწავლის უფლება) დაკავშირებული ჩემი დამოკიდებულება. სამწუხაროდ უნივერსიტეტის შეზღუდვაში არაერთი მხარდამჭერი გამოჩნდა, როგორც სახელმწიფო, ასევე აკადემიურ და არასამთავრობო სექტორში.

მთელმა ქვეყანამ საზეიმოდ აღნიშნა ENQA-ში ცენტრის გაწევრიანება. ეს რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა, მაგრამ ამის პარალელურად თავისუფალი აზრის შეზღუდვა, ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რასაც უნდა იაზრებდნენ როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ამ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები.

პ.ს. ფოტოზე წარმოდგენილია ხარისხის ცენტრის ოფიციალური პასუხი – კომისიის შეფასება. როგორც ხედავთ კვალიფიკაციაში ეჭვი არავის შეუტანია. უარყოფითი პასუხის ერთადერთი მიზეზი აზრის თავისუფლად დაფიქსირებაა…

პ.პ.ს. ექსპერტობა ერთადერთი პოზიცია არაა რაზეც განათლების სამინისტროსგან უარი მივიღე, თუმცა დანარჩენს ჯერ არ გავასაჯაროებ, რადგან სასამართლო წინ არის და ყველაფერს თავის დროზე აეხდება ფარდა”, – აცხადებს დავით ლიპარტელიანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური